თბილისის მეტროს 2020-22 წლებში 40 ახალი ვაგონი დაემატება, რასაც მერია 40 მილიონ ევროდ, ავსტრიული კომპანიისგან შეისყიდის. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროს არსებული ვაგონები 1975 წელსაა გამოშვებული და რამდენიმე წელში ექსპლუატაციის ვადა გასდის.

“არ შემიძლია მეტროში არსებულ მდგომარეობაზე არ ვისაუბრო. იცით, რომ 2018-2019 წლებში 100 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია განხორციელდეს. ეს არის ძალოვანი კაბელის ცვლილება, სასიგნალო და სავენტილაციო სისტემების ცვლილება. ამ პროექტის ფარგლებში უკვე 8 ახალი შემადგენლობა დავამატეთ და 4 კიდევ დაემატება სექტემბრისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, დანარჩენი ვაგონები არის 1975 წელს გამოშვებული, დაახლოებით 52 ვაგონია და რამდენიმე წელში ეწურება ყველანაირი რესურსი – არც რეაბილიტაციას ექვემდებარება და არც განახლებას. ამიტომ ჩვენ დაწყებული გვაქვს ფიქრი ახალი ვაგონების შესყიდვაზე. ვაფორმებთ ხელშეკრულებას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანიასთან – ILF -თან, რომელმაც უნდა მოგვიმზადოს წინადადება თავისი კრიტერიუმებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახალი, ევროპული სტანდარტის მქონე ვაგონების შესყიდვა. მქონდა ასევე საუბარი პრემიერ-მინისტრთან ამ საკითხზე, ხელისუფლებიდან არის სრული მხარდაჭერა და თანხვედრაში ვართ, რომ აუცილებელია ამ პროექტის განხორციელება და ახალი ვაგონების შესყიდვა. შესაბამისად, 2020, 2021, 2022 წლებში 40 ახალი ვაგონის შესყიდვას აპირებს მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, იცით, რომ ყველა მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია უნდა განვახორციელოთ”,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვა 40 მილიონი ევრო დაჯდება. რაც შეეხება მეტროსადგურების რეაბილიტაციას, თბილსის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა, რის შემდეგაც პროექტირება განხორციელდება.

“დროში ცოტა გახანგრძლივდა პროცესი, თუმცა რომ არ მივიღოთ ვარკეთილის მეტროს შემთხვევა, სადაც ადგილი ჰქონდა კვლევების გარეშე დაპროექტებას, ამიტომ მივიღეთ შედეგი, რომ ახლადრეაბილიტირებული მეტროსადგური ჩამოიშალა. შესაბამისად, ჩვენს მიერ ხდება თანმიმდევრულად სწორად მოქმედება, სადგურების კონსტრუქციული ელემენტების მდგრადობის შესწავლა, ამის შემდეგ მოხდება პროექტირება და სამუშაოების განხორციელება. თითოეულ ეტაპზე მოხდება ექსპერტიზის სამუშაოების ჩატარება. დისკომფორტი დროსთან არის დაკავშირებული, თუმცა, ასეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დროს არ შეიძლება შეცდომების დაშვება და მივყვებით როგორც წესი და თანმიმდევრობა ითვალისწინებს”,- განაცხადა ხმალაძემ.

Please follow and like us: