ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები. სამწუხაროდ ქალების თითქმის ნახევარი ცოლ-ქმრული ცხოვრების დროს ერთხელ მაინც ხდება ძალადობის ობიექტი. ქალის ცემა მხოლოდ ხელმოკლე ოჯახებში ან რომელიმე რასობრივ ან ეთნიკური და კულტურული წარმომავლობის ჯგუფებში როდი ხდება. ასეთ რამეს სხვადასხვა სოციო-ეკონომიკურ ჯგუფებში აქვს ადგილი. თუმცა, ქალზე ძალადობასთან სამი ფაქტორი ასოცირდება: (1) სიღარიბე, (2) არასრული დატვირთვით მუშაობა და უმუშევრობა და (3) მუშაობა დაბალკვალიფიციურ სფეროში, რის შემდეგაც ერთ-ერთ მთავარ კითხვად რჩება ის, თუ რა აიძულებს მსხვერპლს შეეგუოს ძალადობას და კვლავ იცხოვროს მოძალადის გვერდით.
ძალადობრივ გარემოში ქალი ბევრი მიზეზის გამო რჩება. იმ ქალთა თითქმის ნახევარი, რომელიც შინაური ძალადობის გამო თავშესაფარს ეძებს ან მოძალადე ქმართან განქორწინებასაც კი აპირებს, ბოლოს მაინც ოჯახს უბრუნდება. ამის მიზეზებს შორისაა ეკონომიკური დამოკიდებულობა, თავდაჯერებულობის და ძალის დეფიციტი (საკუთარი თავის რწმენის დეფიციტი), მოძალადის შიში, შიში ბავშვების გამო და სიყვარული.
ეკონომიკური დამოკიდებულობა. ბევრი ქალი მოძალადე ქმართან ეკონომიკური დამოკიდებულობის გამო რჩება. ბევრი მათგანი ფინანსურად მოძალადეზეა დამოკიდებული, როგორც ოჯახში მათთვის და მათი ბავშვებისთვის შემოსავლის უმთავრეს შემომტანზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობას ყველა სოციო-ეკონომიკურ დონეზე აქვს ადგილი, უფრო ხშირად ძალადობის მსხვერპლი შეზღუდული ეკონომიკური რესურსის მქონე ქალი ხდება.
საკუთარი თავის რწმენის დეფიციტი. შინაური ძალადობა არა მარტო ფიზიკურ, არამედ სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასაც მოიცავს. ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება გულისხმობდეს მოძალადე მამაკაცის მიერ ძალადობის მსხვერპლის რეგულარულ კრიტიკას და მის დამცირებას. თანდათან, ასეთი ქცევა ქალის თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს და მას საკუთარი თავის რწმენა უმცირდება. მოძალადეს უყვარს იმის გამეორება, რომ მის გარეშე ქალი ვერ გაძლებს და დროთა განმავლობაში ქალი ამას იჯერებს.
ძალის დეფიციტი. ძალადობის მსხვერპლი ქალი გრძნობს, რომ გაცილებით ნაკლები ძალა აქვს მოძალადე ქმართან ურთიერთობისთვის, ვიდრე ქალს, რომელსაც არამოძალადე ქმარი ჰყავს. ძალადობის მსხვერპლი ქალის წარმოდგენაში ქმართან ურთიერთობა ამ უკანასკნელის სრულ დომინირებას გულისხმობს. მოძალადის მხრიდან სისტემატური დაშინება, კრიტიკა და ძალადობა ქალს რთულ და მძიმე მდგომარეობაში აყენებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისეთ დაძაბულ ვითარებაშიც კი, რომელიც ბევრი ქალისთვის ყოველდღიური წამებაა, ბევრი ძალადობის მსხვერპლი ქალი საკუთარ თავში ძალას მაინც პოულობს. ისინი არა თუ არ ნებდებიან, მაშინაც კი, როცა დანებება მნიშვნელოვანია, მაშინ როცა დანებებას ელიან ქალისგან, ან როცა დანებების შემთხვევაში ქალს აღარ დასჯიან, არამედ აქტიურ და კრიტიკულ გადაწყვეტილებებსაც იღებენ იმის თაობაზე, თუ როგორ შეეწინააღმდეგონ ძალადობას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. ზოგიერთი გარკვეულ საკითხებს ფარავს და არ ეხება, გარკვეულ საკითხებზე კი თავს ხრის. ყველა ქალი ძალადობას თავისებურად ეწინააღმდეგება.
შიში ბავშვების გამო. ჩვეულებრივ, ძალადობის მსხვერპლ ქალს ბავშვების უსაფრთხოების შიში აქვს. პირველი– მას აღელვებს, შეძლებს თუ არა დამოუკიდებლად მათ ფინანსურ უზრუნველყოფას. მეორე– ქალი შეიძლება ტრადიციული შეხედულებების მორჩილი იყოს და მიაჩნდეს, რომ ბავშვებს მამა სჭირდებათ. ის შეიძლება ფიქრობდეს, უმამობას დედაზე მოძალადე მამის ყოლა სჯობს. მესამე– შეიძლება ბავშვებზე მეურვეობის დაკარგვაც აშინებდეს. მოძალადე შეიძლება დაემუქროს, რომ ბავშვებს წაართმევს. ქალმა შეიძლება არ იცოდეს არსებული საკანონმდებლო სისტემის სირთულე და შეეშინდეს, რომ ქმარი მართლაც ასე მოიქცევა.
სიყვარული. ძალადობის მსხვერპლ ბევრ ქალს თავის მოძალადე ქმარი მაინც უყვარს. ქალების უმრავლესობა, რომელიც დახმარების მიღებას ცდილობს, მზადაა ქმართან იცხოვროს, ოღონდ შეწყდეს მასზე ძალადობა.
ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი