ხომ არიან ადამიანები რაღაც კონკრეტულ სფეროებში ექსპერტები. ზოგმა მუსიკა იცის კარგად და მელომანები არიან, ზოგიც ფილმებში ერკვევა და ყველა ფილმზე შეუძლია დეტალურად საუბარი, ზოგიც მოდის ექპერტია, მე კიდევ ამ ლოგიკით გასაუბროლოგი ვარ. რას ვგულისხმობ, ყველაზე დიდი გამოცდილება გასაუბრებების კუთხით მაქვს და შეიძლება თამამად მეწოდოს ქართული გასაუბრებების ექსპერტი ან ანალიტიკოსი გასაუბრებების საკითხებში.

თუმცა ეს უკანასკნელი სულაც არ გულისხმობს იმას, რომ უკვე ვმუშაობ ჩემი ოცნების სამსახურში ან იმას, რომ ჩემი ანაზღაურება დიდად აღემატება “პატივცემული” ქართველი პოლიტიკოსების მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმის ნორმას. სწორედ იმიტომ რომ მუდმივად სამსახურის ძიებაში ვარ და ერთი გასაუბრებიდან მეორეზე დავრბივარ , გამოცდილებამ მაინც თავისი ქნა , ხოდა სწორედ ასე ვიქეცი გასაუბრებების ქართველ ექსპერტად.

ხოდა როგორც ექსპერტმა , არ დავაყოვნე და როგორც გვჩვევია, საკუთარი ცოდნისა თუ არცოდნის აფიშირება ხმამაღლა დავიწყე. პირადი გვერდიც კი გავხსენი და დამწყებ სამსახურის მაძიებლებს პრაქტიკული რჩევებს ვუზიარებ. აქვს თავისებური ხიბლი ამ მიწერ-მოწერას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კიდევ ერთი გასაუბრებიდან ბრუნდები და ახალ-ახალ ცხელ-ცხელ და ქოთქოთა დასკვნებს აკეთებ. ასეთი დღეები კი, იცოცხლეთ, უამრავი მაქვს ცხოვრებაში.

მოკლედ ჩემი ღვაწლმოსილი მუშაობის შედეგად ქართული გასაუბრებების რამდენიმე ტიპი გამოვყავი, რომელიც ტიპურად თქვენც შეიძლება შეგხვდეთ და კარგი იქნება თუ ამ პოსტს გაეცნობით, რადგან მთავარი სწორედ იმის გაზიარებაა, რომ ეს არ გეჩვენება, რომ ასე ჩვენს რეალობაში ნამდვილად ხდება.

მაშ ასე დავიწყოთ.

11

პირველი და ერთერთი საკმაოდ გავრცელებული გასაუბრების ტიპი საქართველოში ეს არის საერთოდ არგასაუბრება. რას ნიშნავს ახლა ეს ? ეს არის გასაუბრების ისეთი ფორმა, როდესაც პოტენციური დამსაქმებელი ან მისი წარმომადგენელი ან სულაც გაურკვეველი ვინმე გირეკავთ, გატყობინებთ რომ თქვენ წარმატებით გადალახეთ შერჩევის პირველი ეტაპი და თქვენმა რეზიუმემ დაიმსახურა მოწონება, თუმცა შეხვედრის ადგილი და დრო გასაუბრებისთვის უცნობი, უფრო ზუსტად, ამოუცნობი რჩება. შესაბამისად თქვენს მონდომებასა და შემართებას არც უწერია გაზიარება ან გამომზეურებაც კი.

მეორე გასაუბრების ტიპთაგან არის ე. წ ნახევრად გასაუბრება. ანუ, ამ ტიპის გასაუბრების დროს თქვენ უკვე წინ გაქვთ ნაბიჯი გადადგმული, უკვე იცით გასაუბრების დრო, ადგილი, რომელიც კარგია რომ ქალაქის რუკაზე იძებნება და ასევე სხვა აუცილებელი კოორდინატებიც. თუმცა თქვენი პოტენციურ დამსაქმებელთან შეხვედრა ორწუთნახევარი გრძელდება, რომელიც თავის თავში ქართველებისთვის დამახასიათებელ აუცილებელ არაპუნქტუალურობასა და ასევე ქართველებისთვის დამახასიათებელ მეტიჩრობას მოიცავს- ცოტა ხანი დაიცადეთ. მალე მიგიღებთ.

და ყველა ამ პროცედურის შემდეგ თქვენი გასაუბრება დამსაქმებელთან გრძელდება დაახლოებით ერთი წუთი, რა დროის განმავლობაშიც თქვენ მაქსიმუმ სახელის გვარისა და ასაკის თქმას ასწრებთ. მაგრამ თუ თქვენი სახელი ან გვარი ოთხ მარცვალზე მეტია, მაშინ უკაცრავად, დიდი დიდი სახელის თქმისთვის გეყოთ დრო. გაურკვეველი ჟესტით დამსაქმებელი განიშნებთ რომ გასაგებია და თქვენც ტოვებთ მას.

მესამე გასაუბრების ტიპი ეს არის ჯგუფური გასაუბრება, რომელსაც შევარქვი ბრძოლა გადარჩენისთვის. მაშინ როდესაც წინა დღეს შვიდჯერ სარკის წინ ნათქვამი სიტყვა კიდევ ერთხელ გადაიმეორეთ გულში და ოთახის კარებიც გააღეთ, აღმოაჩინეთ, რომ იგივე დაახლოებით სამოცმა ადამიანმა გააკეთა. ახლა თქვენ სადღაც 58-ე დგახართ ოთახის კუთხეში და კარგად ვერც გამსაუბრებლებს ხედავთ, მათი კითხვების მოსმენაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გამოყოფილი სამი წუთის განმვალობაში ალბათობა იმისა, რომ თუნდაც ერთი სიტყვის თქმის საშუალება მოგეცემათ , მეტისმეტად მცირეა და იმდენად მცირეც კი, რომ უმეტეს შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში სხვების პასუხების მოსმენა გიწევთ და სხვა არაფერი. სწორედ ამ მომენტში აცნობიერებთ, რომ ხმის ტემბრსა და წამოყვირების ან სხვისთვის გადასწრების უნარს უპირატესობა ენიჭება ამ გასაუბრებაზე, ცხოვრების კანონი კი მარტივია- გადარჩება მხოლოდ ძლიერი .

არც თუ ისე იშვიათად შეხვდებით ქართულ რეალობაში ” რა მინდოდა წვენებში “-ს ტიპის გასაუბრებებს. ამ ტიპის გასაუბრებების დროს თქვენ ზუსტად იცით ვაკანსია, რომელზეც დაგიბარებს და ასევე ის მოთხოვნები,რომელსაც აკმაყოფილებთ, თუმცა გამსაუბრებლების კითხვები ზოგად ფიზიკასა თუ ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებებზე,გაფიქრებინებთ რომ შეცდომით მოხვედით ამ ადგილას ან საერთოდა სხვის სხეულში გაიღვიძეთ დილით.

ზუსტად ასეთი რეაქცია მქონდა ერთერთი მედიასაშუალების გასაუბრებაზე, როდესაც პირველი კითხვა , რაც დამისვეს ეს მიწების უცხოელებზე გასხვისებას ეხებოდა. რა თქმა უნდა, ოსტატურად შევინახე ჩემი მომზადებული საუბარი ტექნიკურ უნარებსა და პროფესიულ შესაძლებლობებზე, და ამ ეროვნული მეტად საჭირბოროტო საკითხის განხილვა თავდაჯერებულად დავიწყე. მაგრამ პასუხში რაღაც ისე ვერ აღმოჩნდა , ალბათ, და მეც ისევე დამირეკეს იმ მედია საშუალებიდან, როგორც თქვენ.

და ყველაზე გავრცელებული გასაუბრების ტიპი, რომელიც ვფიქრობ, ყველა თქვენგანს თუ არა უმეტესობას მაინც ჰქონია ცხოვრებაში, ეს არის ფორმალური გასაუბრება. ანუ როდესაც ცხადდება ვაკანსია, ტარდება კონკურსი, იბარებენ ხალხს გასაუბრებაზე და ამაზე დიდი დრო და რესურსიც იხარჯება, თუმცა ვაკანტურ ადგილს წინასწარ შერჩეული კონკრეტული პირი იკავებს.

ხოდა, ამ კლასიფიკაციის შემდეგ, გასაკვირია, რომ ისევ დავდივარ გასაუბრებებზე და ისევ მაქვს იმედი შესაფერისი სამსახურის პოვნის, თუმცა ალბათ საქართველოში ოპტიმისტი უნდა დაიბადო, მეტისმეტად ოპტიმისტი, რომ გადარჩე თორემ გასაუბრების ამ ელფერებს მიღმა მხოლოდ ორი გზაა- ხელიდან ან ქვეყნიდან წასვლა.

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: