როგორც სომხური მედია იუწყება ადგილობრივ ატომურ სადგურებში ადგილების პრობლემის გამო იგეგმება ბირთვული ნარჩენების გატანა ქვეყნიდან რუსეთში, სატრანზიტო გზად კი საქართველო განიხილება. გარდა მედია მინიშნებებისა, სოჭში ჩატარებულ ატომური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფორუმზე სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა ხმამაღლა გააჟღერა ეს ჩანაფიქრი, რასაც მყისიერად მოჰყვა ქართული მხარის პასუხი. ქართული კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე სახიფათო ბირთვული ნარჩენების გადატანა, შესაბამისად, გამორიცხულია შეთანხმება და ამ ნარჩენების საქართველოს გავლით გასვლა.

თუმცა მიუხედავად ქართული მხარის უარისა, რისკები მაინც არსებობს. როგორც სფეროს ექსპერტები განმარტავენ, არსებულმა პრაქტიკამ დაგვანახა, რომ არც ისე დაცულია ქვეყნის საზღვარი და შესაბამისად მოსალოდნელია, სომხეთიდან სახიფათო ბირთვული ნარჩენების გატანის სხვადასხვა შეფარული გზით გატანის მცდელობა. ამის თავიდან ასაცილებლად და ქვეყნის და მისი მოსახლეობის ამ  საფრთხისგან დასაცავად, ეკოლოგები მოუწოდებენ ხელისუფლებას მაქსიმალური ყურადღებისა და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებისკენ.

რა არის ბირთვული ნარჩენი  და რა საფრთხეს უქმნის იგი ქვეყნის ეკოლოგიას და მის მოსახლეობას?

რადიოაქტიური ნარჩენები წარმოიქმნება ბირთვული ენერგიის გენერაციის, რადიოაქტიური ნივთიერებების ინდუსტრიული და სამედიცინო მიზნებით გამოყენების, ასევე სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის შედეგად. როგორც ყველა სხვა სახის საშიში ნარჩენი, რადიოაქტიური ნარჩენებიც წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის. სხვა საშიში ნივთიერებებისგან განსხვავებით შეუძლებელია ბირთვული ნარჩენების რადიოაქტიურობის და მავნებლობის ხელოვნურად შემცირება და ერთადერთი გზა მისი იზოლაციაა ადამიანისა და გარემოსგან.

ჩვენი ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე ორმაგდება იმ საფრთხეების რიცხვი და მასშტაბები, რაც მსგავსი ტიპის ნარჩენების ქვეყნის გავლით გატარებას და ტრანზიტს თან ახლავს.  2012 წელს მიღებული კანონის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ”  თანახმად, იკრძალება საქართველოს გავლით რადიოაქტიური ნარჩენების ტრანზიტი და ასევე იმპორტი. რაც შეეხება ექსპორტს, ის დაშვებულია მხოლოდ სპეციალური სახელმწიფო ნებართვის საფუძველზე.

რადიოაქტიური ნარჩენები მავნებლად მოქმედებს ქვეყნის ეკოლოგიაზე. მისი არასწორი გადატანა დააზიანებს ფლორას, ფაუნას და ასევე უდიდეს საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მაცხოვრებლებს.

რა ეკოლოგიური რისკები ახლავს თან ბირთვული ნარჩენების ტრანზიტს ჩვენს ქვეყანაში და რამდენად რეალურია სომხეთის მხრიდან კანონის ავლით ნარჩენების გატანის მცდელობები, ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს” ესაუბრა ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდის წარმომადგენლები.

 

-სომხეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით ის გეგმავს დამუშავებული ბირთვული საწვავის ტრანზიტს რუსეთში საქართველოს გზით. მართალია ჩვენმა ხელისუფლება უარყო ეს ფაქტი და თქვა, რომ არ დაუშვებს მსგავსი საშიში ნარჩენების გატარებას ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ რეალური საფრთხეები არსებობს. რომ განვმარტოთ, რა საფრთხეები ახლავს გარემოსთვის და ქვეყნის ეკოლოგიისთვის ბირთვულ ნარჩენებს?

არსებობს საერთაშორისო სტანდარტები რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების კუთხით, თუ ეს სტანდარტები იქნება დაცული შესაბამისად მისი ტრანსპორტირება არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს. მაგალითისთვის შეგვიძლია გითხრათ რომ სამედიცინო მიზნებისთვის საქართველოში ხშირად ხდება რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენება.

-ექსპერტები ეჭვობენ, რომ ქართული მხარის უარის მიუხედავად, იქნება მცდელობა ამ ტიპის ნარჩენების საზღვარზე შემოტანის და ამიტომ ჩვენ საბაჟოებზე განსაკუთრებით გვმართებს სიფრთხილის ზომის გამკაცრება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს რისკები და რა უნდა გაკეთდეს მის თავიდან ასაცილებლად?

პრინციპულია, რომ რადიოაქტიური ნივთიერებები არ დარჩეს ქვეყანაში, როგორც აღვნიშნეთ სტანდარტების დაცვით საქართველოს როგორც სატრანზიტო დერეფნის გამოყენება საფრთხეს არ წარმოადგენს.

-გარდა ნარჩენების ტრანზიტისა, ასევე პრობლემური სფეროა თავად ნარჩენების მართვა ჩვენს ქვეყანაში. ძირითადად რა პრობლემები იკვეთება ამ კუთხით და რა უნდა გაკეთდეს მათ გამოსასწორებლად?

სხვადასხვა ნარჩენების მართვის კუთხით ქვეყანაში უამრავი პრობლემა არსებობს, პირველ რიგში მოსაწესრიგებელია შესაბამისი კანონმდებლობა და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება საუბარი იმ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა გატარდეს ხარვეზების აღმოსაფხვრელად. პირველ ეტაპზე, სწორედ საკანონმდებლო სფეროს მოწესრიგება და გამართვა მიგვაჩნია პრიორიტეტად, რაც თავის მხრივ, ბევრ სასიკეთო ცვლილებას გამოიწვევს.

Please follow and like us: