საქართველოში არაერთ პრობლემასთან ერთად არსებობს ისეთი პრობლემები, რომლებიც ძალიან ბევრ წელს ითვლის და უკვე სისტემური ხასიათი აქვს. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ დგას ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და ის შედეგები, რასაც მისი არსებობა ადამიანსა და გარემოსთან მიმართებით იწვევს. თბილისში არსებობს სულ რამდენიმე ავტომატური სადგური. ეს სადგურები  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს მუდმივად აწარმოებს; თუმცა, აქ პრობლემაა ის არის, რომ ეს სადგურები მთელს დედაქალაქს ვერ მოიცავს, შესაბამისად, თბილისში არის არაერთი ტერიტორია, რომელიც სისტემურ მონიტორინგს ვერ ექვემდებარება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას ჰაერზე, რომელშიც ნათქვამია შემდეგი:

„ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზდკ-ების საფუძველზე ხდება ატმოსფეროს დამაბინძურებელი სტაციონარული ობიექტებისათვის გაფრქვევათა ნორმების გაანგარიშება და დადგენა. გარემოში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმები განსაზღვრავს დაბინძურების ყოველი კონკრეტული წყაროდან ჰაერში ამა თუ იმ მავნე ნივთიერების გაფრქვევის მაქსიმალურად დასაშვებ რაოდენობას. ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობებს ასეთი ნორმები უდგინდებათ ინდივიდურად, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებისას, ხოლო დანარჩენი სტაციონარული ობიექტებისათვის, ასევე, ავტომობილებისათვის გაფრქვევების ნორმირება ხდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების საშუალებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, რეგულირდება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ხარისხი და მასში შემავალი კომპონენტების შემცველობა (მაგ. ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადების, გოგირდის და სხვ)“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი, მანანა ქოჩლაძე პასუხობს.

ძირითადად, რომელ დამაბინძურებლებზე ხდება დაკვირვება?

დაკვირვება, უფრო  მეტად, ხდება მტვრის მცირე ზომის მყარი ნაწილაკებზე – PM10-სა და PM2.5-ზე. გარდა ამისა, აკვირდებიან, ასევე, NOx-ებს, გოგირდსა და CO4-ს.

თუ არის შესაძლებელი, თბილისში გამოვყოთ ტერიტორიები, რომლებზეც ჰაერის დაბინძურების განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდება?

მონიტორინგი ტარდება სულ 6 ავტომატური სადგურის საფუძველზე. ზოგადად, ყველაზე ნაკლები დაბინძურება ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე აღინიშნება ხოლმე. საქმე ისაა, რომ ამ ხუთი ავტომატური სადგურის ფარგლებში თბილისში ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი წერეთლის გამზირზე აღინიშნება.მაგრამ დანარჩენ უბნებში ხომ შემოწმება არ ხდება? მაგალითად, არ ხდება ორხევის ტერიტორიის ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. არ მოწმდება, ასევე, ორთაჭალა; არადა, შესაძლოა, ჰაერის სიჯანსაღის მხრივ ამ ტერიტორიებზე გაცილებით ცუდი ვითარება იყოს, ვიდრე – წერეთლის გამზირზე ფიქსირდება. წერეთლის გამზირზე კი არის ყველაზე მძიმე სიტუაცია ავტომატური სადგურების ფარგლებში, ისიც – გარკვეული პერიოდების განმავლობაში.

როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო ჰაერის დაბინძურების პრობლემას?

უნდა არსებობდეს დაბინძურების შემცირების სახელმწიფო პროგრამები. ძირითადი დაბინძურება გამოწვეულია სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის შედეგად. შესაბამისად, საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და, შეძლებისდაგვარად, მათი მოხმარების შეზღუდვა. გარდა ამისა, საჭიროა ჩვენს ხელთ არსებული საწარმოების ჰაერდაბინძურების სრულფასოვანი მონიტორინგი.

აღსანიშნია, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხები რეგულირდება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: