21 მაისს ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების- ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. წლევანდელ გამარჯვებულთა შორისაა ციხე-სოფელი მუცოს (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ევროპული მემკვიდრეობის პრიზი მუცოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტმა აღიარება 16 ქვეყნის 25 ლაურეატთან ერთად მოიპოვა, რომლებმაც წარმატებებს სხვადასხვა ნომინაციებში მიაღწიეს.

დამოუკიდებელი ჟიურის მიერ, რომელიც მემკვიდრეობის პროფესიონალებისგანაა დაკომპლექტებული, კონკურსის გამარჯვებულები ცალკეული ორგანიზაციების და ინდივიდების მიერ 34 ქვეყნიდან წარდგენილი 149 განაცხადიდან შეირჩა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონსერვაციის, კვლევის, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლის, განათლების, სწავლებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებებში.

ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს გამარჯვებულთა დაჯილდოვების წარმომადგენლობითი ცერემონია მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის კონგრესის ფარგლებში გაიმართება, რომლის თანამასპინძლები არიან: ევროკომისარი ტიბორ ნოვრაჩიჩი და ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი მაესტრო პლასიდო დომინგო.

Please follow and like us: