თბილისის ბოტანიკურ ბაღში მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღე აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ გიდებთან, სპეციალურად მომზადებულ ბილიკებზე ფრინველებს დააკვირდნენ. გაიმართება სხვადასხვა სახის შეჯიბრები და სახალისო შემეცნებითი თამაშები ბავშვებისთვის.
ღონისძიებების ორგანიზატორია, არასამთავრობო ორგანიზაცია „საბუკო“. ისინი დღეს, კამპანია „ბაღის ფრინველთა საათის“ ათი წლის იუბილესაც აღნიშნავენ. აღნიშნულ კამპანიას ყოველწლიურად უერთდებიან საქართველოს სკოლის მოსწავლეები. ისინი ერთი საათის განმავლობაში აკვირდებიან ფრინველებს საკუთარ ბაღებში და ორგანიზაციაში აგზავნიან მონაცემებს ბაზის განსაახლებლად. „საბუკოს“ მიზანს საქართველოს ველური ბუნების, ფრინველებისა და მათი ჰაბიტატების დაცვა, კონსერვაცია და მონიტორინგი წარმოადგენს.
ღონისძიება 17:00 საათამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.