ერთი, ორი, სამი, ოთხი…კიდევ ათიათასამდე ან ასიათასამდე და ლოდინი დასრულდება, მონატრებაც დასრულდება და მანძილიც, რომელიც გაშორებს საყვარელ ოჯახს, საყვარელ სახლს, საყვარელ სამშობლოს.

არადა ყველაფერი მათ გამო გააკეთე, მათი სიკეთისთვის, მათი წარმატებისთვის.

ბევრი ტკივილი, ბევრი დაცემა და მერე ისევ წამოდგომა. ცხოვრება ბრძოლააო, ამას გასწავლიდნენ ბავშვობიდან და ახლა ამ უცხო მიწაზე მყოფმა ყველაზე კარგად იცი ამ ჭეშმარიტების ძალა.

მონატრებამისჯილი ითვლი ხელის თითებზე სახლში წასვლამდე დარჩენილ დღეებს და გგონია, რომ სამყაროში ყველა ტვირთი შენს ზურგზე აუკიდია შემოქმედს.

უმეტესად ასეთი მძიმე და ტკივილიანია ემიგრანტების ფიქრები და განცდები. ისინი კილომეტრებს იქეთ, ქვეყნებს იქეთ, სამყაროს მეორე ბოლოში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ და სამშობლოში დარჩენილ ოჯახს ლუკმა პურით ამარაგებენ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა 98,935 ადამიანს შეადგენს, რაც 2017 წელთან შედარებით 13,484 ადამიანით მეტია. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 85,451 იყო.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის მაჩვენებლით ყველაზე მეტი – 14 222 ემიგრანტი 25-29 წლის ასაკისაა. რაც შეეხება სქესის მიხედვით მიგრაციას, 2018 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 56 116 მამაკაცი, ხოლო 42 819 ქალი იყო წასული.

ამ რიცხვების და  მშრალი სტატისტიკის მიღმა უამრავი ისტორია და ამბავია. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას და უკეთესი მომავლის იმედით შორეულ ქვეყნებში მიემგზავრება. გაურკვეველი ბედი, კიდევ უფრო გაურკვეველი დახვედრა და მომავალი, რომელზე ფიქრიც ყველა ემიგრანტს ცხოვრებას უმძიმებს.

ნონა მაღლაკელიძე 51 წლისაა. ის უკვე მე-12 წელია, რაც საბერძნეთში, პატარა ქალაქ აგრინიოში ოჯახის დამხმარედ მუშაობს. ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი სამშობლოში ელოდება, ჩამოსვლამდე კი ხშირად ფიქრობს საყვარელ ხალხზე და მათ ფოტოებს სიყვარულით დასცქერის კომპიუტერის ეკრანზე.  

ნონა „თბილისი თაიმსს„ ესაუბრა და ემიგრანტობის სიმძიმესა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ 2007 წელს წამოვედი საქართველოდან. მთავარი მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაა იყო. ძალიან მიჭირდა და შვილების გამო გადავდგი ეს ნაბიჯი. მახსოვს, როდესაც მათ ეს ამბავი ვუთხარი, მოველოდი საყვედურს ან უარს, მაგრამ არაფერი უთქვამთ. ახლაც არ ვიცი რა იფიქრეს იმ მომენტში.

პირველად რომ ჩამოვედი უცხო ქვეყანაში ძალიან გამიჭირდა. გახსენებაც არ მინდა იმ დღეების, რადგან მეტისმეტად რთულია უენო ადამიანისთვის უცხო ადგილას ცხოვრება, მიჩვევა რეალობის და თავის დამკვიდრება. თავიდან ძალიან გამიჭირდა, დანებებაც ვიფიქრე, მაგრამ მერე ისევ ფეხზე წამოვდექი და გზა გავაგრძელე, რადგან ჩემ უკან შვილები იდგა და სხვა არჩევანი არ მქონდა, მე ეს უნდა მომეხერხებინა.  მხოლოდ შვილების სიყვარულმა გამაძლებინა და მომიყვანა დღევანდელობამდე.

ბევრი რამ მენატრება ჩემს სამშობლოში, რა თქმა უნდა, უპირველესად ჩემი შვილები და შვილიშვილები. ასევე ძალიან მენატრება დედის საფლავი ჩემს  მშობლიურ სოფელში.

ხშირად მაქვს სიზმრები, რომელიც შორეულ სამშობლოს უფრო მეტად მახსენებს და მონატრების შეგრძნებებს ამძაფრებს. ამ სიზმრებში ისევ ბავშვი ვარ და ისევ ჩემს საყვარელ სოფელში თანატოლებთან ერთად ვატარებ დროს. ალბათ ამ წლებში ყველაზე ბედნიერი  ვიყავი და ამიტომაც მახსენდება ასე ხშირად ბავშვობის მოგონებები.

საზღვარგარეთ ემიგრანტებს არ ულხინთ, პირიქით ხშირად გაუსაძლისია მათი ცხოვრების და მუშაობის პირობები, ეს ყველამ იცის, მაგრამ რატომღაც ამაზე თვალს ხუჭავს ყველა, ის ვისაც ევალება მათი პრობლემების გულთან ახლოს მიტანა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. იმისთვის რომ ჩვენ უცხოეთში გადახვეწილი ხალხი უკან დავბრუნდეთ, აუცილებელია ჩვენი საქართველო დადგეს ფეხზე, გაძლიერდეს, ახალგაზრდეს უნდა ჰქონდეთ სამსახური და ქვეყანაც უნდა განვითარდეს. ჩვენ დავბრუნდებით, ასე მჯერა მე, აუცილებლად დავბრუნდებით, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება მანდ უზომოდ რთულია.

ბევრი რამის მეშინია, მაგრამ ყველაზე მეტად სხვის მიწაზე სიკვდილი მაშინებს. ერთი სული მაქვს როდის გავიღვიძებ შვილებთან ერთად და როდის ვიქნები ჩემს საყვარელ სახლში, ჩემს სამშობლო საქართველოში.

ყველაზე მეტად ჩემი ქართველები მაძლიერებს ამ უცხო მიწაზე. საბერძნეთში საქართველოს საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს, ბევრ მათგანს ვიცნობ და უმეტესობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, სწორედ ეს კავშირი მაძლევს ძალას, მიბრუნებს ცხოვრების ხალისს და მავსებს რწმენით, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება და ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით ჩვენ საქართველოს შევინარჩუნებთ თუნდაც უცხო მიწაზე.

ვისურვებდი, რომ გვყავდეს მეტად მზრუნველი და ყურადღებიანი მთავრობა, რომელიც სხვა მთავრობების მსგავსად მხოლოდ დაპირებებს არ მოგვცემს და რეალურად დაინტერესდება ჩვენი პრობლემებით, რომელიც იზრუნებს ჩვენს ხალხზე და ქვეყანაზეც, რომელში დაბრუნებაც ბევრად ადრეული პერსპექტივა გახდება ჩვენთვის. მინდა შემოვუთვალო ჩემს ოჯახს, რომ ძალიან მიყვარს ისინი, მინდა ვუთხრა ჩემს სამშობლოს, რომ მენატრება მისი ყოველი გოჯი, ჩემს ქართველ ხალხს კი მინდა გამძლეობა და მშვიდობიან, ერთიან საქართველოში ცხოვრება ვუსურვო.”

ავტორი: ანა ურუშაძე

 

Please follow and like us: