კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესულია 1200-ზე მეტი შეტყობინება და ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს.

ზარალის შეფასების პროცესს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლები დაზარალებულ სოფლებში გაეცნენ.

„აგროდაზღვევის პროექტი ცალსახად ეფექტიანი ინსტრუმენტია სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ზარალის თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით მხარდაჭერა ფერმერებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად შეამცირონ ის რისკები, რაც აგრარულ დარგში საქმიანობას ახლავს თან“- განაცხადა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა პაატა შეყელაძემ.

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70 პროცენტი, ხოლო ვაზზე 50 პროცენტია. აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს ხუთი ჰექტარი (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს.

2019 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში გაცემულია 6,737 პოლისი. პროექტში ჩართულია 3,582 ბენეფიციარი.

სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 3,568,646 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 6,982 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 71,978,204 ლარია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Please follow and like us: