როგორც წესი, ქვეყნის დედაქალაქში ადამიანები მთელი ამ ქვეყნის მასშტაბით იყრიან ხოლმე თავს. გამონაკლისი არც თბილისია. ყველა ქალაქში არის შესაძლებელი, ძალიან ბევრი რამ გააკრიტიკო. ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლები სიანტერესო პასუხებს სცემენ კითხვაზე – რა სჭირდება თბილისს?
თიკო
თბილისს და არა მარტო თბილსს, აკლია საკუთარ ქალაქზე შეყვარებული ხალხი, რომელიც ამ ქალაქს მოუფრთხილდება და ეცდება, უკეთესობისკენ შეცალოს ის თუნდაც იმით, რომ არ დაანაგვიანოს; იმით, რომ ეზოებში ბეტონის ავტოფარეხების მაგივრად ხეები დარგოს და გამწვანებული სივრცე შეუქმნას საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს. ყველაფერს მთავრობა ვერ და არც გააკეთებს და, როგორც ამბობენ, “სახლი ეზოდან იწყება“. სიყვარულით დამოკიდებულება კიდევ ყველაფერს შეცვლის.
გიორგი
იმით დავიწყებ, რომ ჩვენს დედაქალაქში, ნელ-ნელა, ბევრი რაღაც კეთდება. შესაბამისი პროექტები ბოლომდე ნამდვილად მიდის. რა სჭირდება თბილისს? მგონია, რომ ჩვენი ქალაქი ფერებს არის მოკლებული და, თითქოს, ცა მუდამ მოღრუბლულია. გამწვანების პრობლემებსა და მთვრიან ქუჩებს რომ თავი დავანებოთ, ნამდვილად ასეა – რეგიონებში გაცილებით მეტი ფერადი ადამიანი და გაღიმებული სახეა. არ მინდა, ასეთი რადიკალური ვიყო, მაგრამ, აშკარად, უფერულობა განსაკუთრებით დედაქალაქისთვის არის დამახასიათებელი. მე ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ.
ნათია
გადაადგილების პრობლემა მუდმივად იარსებებს, სანამ ამ ყველაფერს არ მიექცევა ყურადღება. მაღალჩინოსნებმა რა იციან, მართლა კონტეინერში გამომწყვდეული ცხვრებივით რომ ვცხოვრობთ.უპირველეს ყოვლისა, სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაა საჭირო. ეს ეხება როგორც მეტროს, ისე – ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს. დილით მეტროთი მგზავრობა არის სრული კოშმარი. დაახლოებით, ნახევარი წელია, რაც სამუშაოდ „ისთ ფოინთის“ ფილიალიდან საბურთალოზე გადამიყვანეს. დილით მიწევს სირბილი, რომ კონკრეტულ მატარებელს მივუსწრო, რადგან ძალიან აგვიანებს მოსვლას(ვარკეთილში), მერე დიდხანს დგას და ამის გამო მუდმივად აგვიანებს ის ხალხი, ვინც დილით სამსახურში უნდა იყოს. სხვა თემაა, რა პირობებში ვმგზავრობთ – ვინ მაწვება უკნიდან და ვის აქვს ხელი გადახვეული, ვეღარ ვიგებ. ვაგონიდან რომ გამოვდივარ, გული მერევა. სადგურის მოედანზე 20-22 წუთი აწერია ხოლმე მაშინ, როცა დილით, მაქსიმუმ, 2-3 წუთში ერთხელ უნდა მოდიოდეს მატარებელი. ასობით ადამიანი დგას და ელოდება. პირველ ორ მატარებელში შეუძლებელია ხოლმე შესვლა. ავტობუსი ყველაზე მეტად მეზიზღება. მუდმივად ვიჭყლიტები და ოდნავ გამოძრავების საშვალებაც არ გაქვს. საჭიროა უფრო მეტი ავტობუსიც, სამარშრუტო ტაქსიც და ასევე მეტროში არსებული ტექნიკური პრობლემების გამართვა, რადგან მხოლოდ თბილისელები არ ცხოვრობენ თბილისში და არ არის სამყოფი მათი რაოდენობა.
ახლა რომ ვფიქრობ, თითმის, არაფერი გვაკლია. გასართობ-საგანმანათლებლო სივრცეებით სავსეა ქალაქი და ტურისტები მუდმივად აღფრთოვანებული არიან თბილისით. ვისურვებდი უფრო მეტად გამწვანებას, სამუშაო სივრცეების შექმნას, რადგან უამრავი ადამიანი დღემდე ვერ ახერხებს მუშაობის დაწყებას. კიდევ ერთი რამ, რაზეც მუდმივად მეფიქრება, ძველი თბილისის უბნები და სახლებია, რომლებიც წარსულის ერთგვარი გადმონაშთია. თბილისს სჭირდება ეს სახლები და მათი იერ-სახე უნდა შენარჩუნდეს.
თბილისს სჭირდება ნაკლები საცხოვრებელი კორპუსი – დღეს უკვე წარმოუდგენელი სიტუაციაა, ზოგადად, კორპუსები იმდენად ახლოს არის აშენებული, ერთიდან მეორეში შესაძლებელია ხელის გაწვდენა და ჩამორთმევა. უკვე უამრავი კორპუსი აშენდა და შესაძლებელია ბინის არჩევა.არ ვარ მშენებლობების წინააღმდეგი, მაგრამ ასე ახლოს – რა უბედურებაა. არ სჭირდება თბილისს ამდენი კორპუსი, ისედაც სისავსეა.ცალკე თემაა შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. უკვე რამდენი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა მცირედ შეცდომასაც კი. ყოველთვის ეჭვით ვუყურებ შენობებს, რომელთა სართულებზეც მუშები გადი-გამოდიან.თბილისს სჭირდება რეკრეაციური ზონები – ბოტანიკური ბაღივით, ვაკის პარკივით – აი, სულ თითზე შეიძლება ჩამოთვალო, ოღონდ უნდა იყოს საზოგადოებრივი და, რაც მთავარია, უფასო.
გიორგი
ყველამ ვიცით, რომ ტრანსპორტის მოძრაობა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხი ის ორი მთავარი პრობლემაა, რომელიც დღეს თბილისისთვის არის დამახასიათებელი. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვან პრობლემად თბილისელების „თბილისელობას“ დავასახელებ. „ტეხავს“, რომ „დედაქალაქელობა“ დღესაც ძალიან მოდაშია. არადა, ნებისმიერ ქალაქს, უპირველესად, ბუნებრივი და ალალი ადამიანები უხდებიან – არც კონტინენტს აქვს მნიშვნელობა და არც – რეგიონს.
ხატია
თბილისს სჭირდება ჰაერი, რომ ისუნთქოს – უჰაერობისგან დედაქალაქმა ფერი იცვალა. თბილისს სჭირდება განვითარება ისე, რომ არ დაკარგოს თბილი(სი). ჭრელი ქუჩები მომღიმარე ადამიანებით. თბილისი არ უნდა იყოს ჩვეულებრივი მინის ქალაქი. მაღალი მინის შენობები ყველაზე პრიმიტიული რამაა, რაც კი მინახავს. არ უნდა იყოს კოლბაში გამომწყვდეული – უჟანგბადო სხეულებით გატენილი.
ავტორი: მარიამ ტიელიძე