მხოლოდ მთებშია თავისუფლებაო, უთქვამთ…

მე თუ მკითხავთ, თავისუფლება სულშია. ეს სხეულის და შინაგანი სამყაროს აგრეგატული მდგომარეობაა, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც მთიელებს ეტყობათ ეს თავისუფლება, როგორც იტყვიან კოჭებიდანვე.

სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს არ იყო მისი ცხოვრების არჩევანი და საბუთები ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, კავკასიოლოგიის სპეციალობაზე გადაიტანა. დღეს 28 წლისაა და უკვე საკმაოდ გამოცდილი და ცნობილია საკუთარ საქმეში.

უკვე მერვე წელია სალომე იდოიძე თუშეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერია და ნაკრძალის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. იგი პირველი ქალი რეინჯერია, რომელმაც დაიწყო დაცულ ტერიტორიებზე პატრულირება და ამ საკმაოდ საპასუხისმგებლო და არც ისე ადვილი საქმის დიდი მონდომებით კეთება.

ბავშვობიდან მამამ ასწავლა ცხენზე ჯირითი, ხშირად საყვარელ ცხენზე ამხედრებული დასეირნობს მშობლიური თუშეთის მიწაზე და სჯერა, რომ პროფესიას სქესი არ აქვს.

ყველა განსხვავებულ აზრს, გაკვირვებას და უნდობლობასაც გაუძლო, საყვარელ საქმეს არ შეეშვა და დღეს რეინჯერობასთან ერთად თავისი ჰობით -ფოტოგრაფიით ტკბობასაც ახერხებს. მეგობრებთან ერთად ხშირად ლაშქრობს ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ადგილებში და კარვებით აღამებს მშობლიური მთის მიუვალ ადგილებში.

საქართველოში პირველი რეინჯერი ქალი „თბილისი თაიმსს„ ესაუბრა თავისი საქმიანობის სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე.

სალომე იდოიძე, 28 წლის:

-რას ნიშნავს მთა შენთვის?

მთა ჩემთვის სახლს ნიშნავს, ჩემი ბიოგრაფია, საქმიანობა, ინტერესები ყველაფერი მთასთანაა დაკავშირებული.

-როდის და რატომ დაინტერესდი რეინჯერობით?

ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი თუშეთის ეროვნული პარკი რომ შეიქმნა, ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა.მახსოვს თავიდან ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეროვნული პარკი, ვრცელდებოდა ათასგვარი ჭორი, რომ ეს ხალხი ვეღარ ისარგებლებდა რესურსებით, რომ სინამდვილეში ჩვენი სახლების წართმევა უნდოდათ და ა.შ თუმცა პირიქით მოხდა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო თუშეთის განვითარება, ინტენსიური მშენებლობა და ადგილობრივების დაბრუნება თუშეთში.

როგორც უკვე აღვნიშნე, ეროვნული პარკის შექმნის დღიდანვე მოვლენების თვითმხილველი ვიყავი,ჩემ თვალწინ ვითარდებოდა და ვხედავდი როგორი უნიკალური იყო თუშეთის ბუნებრივი რესურსები და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი დაცვა. აქტიურად ვმონაწილეობდი  ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში.საკმაოდ ახლოს ვიცნობდი რეინჯერების  საქმიანობას და სულ მქონდა სურვილი მეც გავმხდარიყავი რეინჯერი, 20 წლის ასაკში ავისრულე ოცნება და დავიწყე ნაკრძალში მუშაობა.

-რა  შედის რეინჯერის ფუნქციებში და როგორია შენი სამუშაო დღე ?

რეინჯერის სამუშაო მოიცავს ყველაფერზე თვალყურის დევნას და ყურადღების მიქცევას, რაც შეიძლება მოხდეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, იქნება ეს ტურისტების უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და ფიზიკური დაცვა, ასევე კონტროლი დანაგვიანებაზე, ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებები, ადგილობრივ მოსახლეობასთად აქტიური კონტაქტი და ა.შ 

სირთულეს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს  სქესზე არანაირადაა დამოკიდებული, არ შეიძლება ასე ხისტი დაყოფა ქალურ და მამაკაცურ პროფესიებად,თუნდაც იმის გამო რომ ბევრ ბიჭს ვიცნობ ვინც ერთი დღეც ვერ გაუძლებს ასეთ ფიზიკურ დატვირთვას და ამავდროულად ვიცნობ გოგოებს ვისთვისაც ეს პრობლემას არ წარმოადგენს

 

-გვიამბე შენს  ჰობსა და გატაცებებზე.

სამსახურის გარეთ მაქვს ბევრი ინტერესი და ზოგ მათგანს სამსახურთან ერთადაც წარმატებით ვახორციელებ და პირიქით სამსახური მიწყობს ამაში ხელს. მაგალითად მიყვარს ლაშქრობა და ფოტოგრაფია, როცა გასული ვარ მთაში შემოვლაზე ფოტოაპარატიც სულ თან მაქვს და ბევრ საინტერესო კადრს ვაწყდები ხოლმე. მიყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა ხალხის ეთნო-კულტურების გაცნობა.

-რას ნიშნავს შენთვის იყო პირველი რეინჯერი ქალი საქართველოში?

ეს  ალბათ,  ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან ჯერ პროფესიული მოვალეობა მავალდებულებს ამას და კიდევ ადამიანური მორალიც, რომ  დავიცვა ის რაც ჩემია!

არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ჩემს სქესს ხელი შეეშალა ჩემი პროფესიული საქმიანობისათვის, პირიქით, უმეტესად დადებითი რეაქციები აქვს ხალხს უკვე და ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია.

-გაგვიმხილე სამომავლო გეგმები 

მაქვს რაღაც გეგმები და პატარა ბიზნეს იდეები, რასაც უახლოეს მომავალში განვახორციელებ, ამ ეტაპზე არ დავაკონკრეტებ, გეტყვით იმას რომ ესენიც თუშეთთანაა დაკავშირებული. ოცნებებს რაც შეეხება, ძალიან, ძალიან მინდა სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობა.

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: