ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა – როგორც ზედაპირული-სახმელეთო დათვალიერებით, ისე წყალში. გოგონას საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები. გამთენიისას, პროცესებში ჩაერთნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფიც.

თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Please follow and like us: