მოსამართლე ლევან მურისიძის აზრით, სასამართლოს რეფორმიდან რეფორმამდე დაახლოებით ორწლიანი პერიოდი მაინც უნდა ჰქონდეს, რათა გაანალიზდეს, რამდენად სწორად მუშაობს რეფორმა და რა არის გამოსასწორებელი. ამის შესახებ მურუსიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.
როგორც მურისიძემ აღნიშნა, პირველი სამი ტალღის რეფორმა სასამართლოზე დადებითად აისახა და მას იმედი აქვს, რომ მეოთხე ტალღის რეფორმა სასამართლოს ასევე წაადგება.
“არის საკითხები, რაზეც ჩვენ აბსოლუტურად მთლიანად შევჯერდით. ეს ეხება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობდით და კონსენსუსამდე ვართ მისული. დანარჩენ საკითხებს რაც შეეხება, ვიხილავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში განსახორციელებელ ცვლილებებს და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან მიმართებაში განსახორციელებელ ცვლილებებს. არის საკითხები, რაზეც შეჯერებულები ვართ, ასევე არის საკითხები, რაზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი. ჩემი სურვილია, რომ რაღაც პერიოდში შევძლოთ და ამ კანონის ფარგლებში, რაც მიღებული იქნება, სასამართლოს მიეცეს პერიოდი მუშაობისთვის, რომ საზოგადოებაც დააკვირდეს, რა შედეგი იქნა მიღებული. წინა სამი ტალღის შედეგად ისეთი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც დაეტყო სასამართლოს მუშაობას და პოზიტიურად აისახა. რეფორმიდან რეფორმამდე უნდა მიეცეს საშუალება სასამართლოს, გატარებული რეფორმით იმუშაოს, მერე გადავხედოთ სწორი იყო თუ არა ეს რეფორმა, რა არის გამოსასწორებელი და ა.შ. დავაკვირდეთ ერთი-ორი წელი. მინდა მქონდეს იმედი, რომ როგორც პირველი სამი ტალღა, ასევე მეოთხე ტალღაც დადებითად წაადგება სასამართლოს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, საბოლოო ჯამში ეს მაინც პარლამენტის გადასაწყვეტია, მაგრამ სასამართლო ხელისუფლება გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს. რა კანონსაც მიიღებს პარლამენტი, იმ კანონით ვიმუშავებთ”, – განაცხადა მურუსიძემ.
რაც შეეხება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას, როგორც მურუსიძემ აღნიშნა, დაკონკრეტება ხდება და არ იქნება ზოგადი ჩანაწერები მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რა შემთხვევაში შეიძლება მოსამართლის ქმედება გადაცდომად ჩაითვალოს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მოხდა შეთანხმება. დაკონკრეტება ხდება და არ იქნება ზოგადი ჩანაწერები მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რა შემთხვევაში შეიძლება მოსამართლის ქმედება ჩაითვალოს გადაცდომად, ინსპექტორის როლი განისაზღვრება უფრო ნათლად და ა.შ. ვფიქრობ, ეს კანონი შეიძლება სასამართლოს დადებითად წაადგეს”,- განაცხადა მურუსიძემ.
რაც შეეხება სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემას, როგორც მურუსიძემ აღნიშნა, სასამართლოს მოსამართლეების დამატება სჭირდება.
“საქართველო ევროპის ქვეყნებთან არის ბოლო ადგილზე მოსამართლეების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე. იყო კვლევა, რომლის მიხედვითაც, 100 მოსამართლის დამატება მაინც არის საჭირო. 100 მოსამართლეს ასეთი პატარა ქვეყნისთვის, წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს. გადატვირთულობის პრობლემაზე ვმუშაობთ, მაგრამ უნდა იყოს შტატები და მოსამართლეების რაოდენობა, რომ ეს პრობლემა დაიძლიოს”,- განაცხადა მურუსიძემ.