„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შეჩერების პირასაა.

ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა!!!“ – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა.რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება.  პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები ევროპული ინვესტიციებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით, ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

ამასთან, ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა კომპანიამ „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“. „ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.  „ეიპიემ ტერმინალსმა“ „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ 2011 წლის აპრილში, შეისყიდა.

Please follow and like us: