წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.1% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ 2019 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებლების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.8%-ით განისაზღვრა.რაც შეეხება სექტორებს, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, კლების ტენდენცია ნარჩუნდება მშენებლობაში.

„ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, ტრანსპორტში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურებით გაწევის დარგში. კლების ტენდენცია ნარჩუნდება მშენებლობისა და სამთომომპოვებითი მრეწველობის დარგებში“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მისივე თქმით, იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტი 17.9%-ით გაიზარდა და 1 133.4 მლნ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი კვლავ შემცირდა, კერძოდ 3.1%-ით და 2 726.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.მისივე თქმით, აპრილში 4 303 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 6.6%-ით აღემატება. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის აპრილთან შედარებით 12.2%-ით განისაზღვრა და 6 164.8 მლნ ლარი შეადგინა.

Please follow and like us: