თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ თამარ ტალიაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას თემქის ხევის კვლევის შედეგები წარუდგინა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თემქის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით განისაზღვრა.

გენგეგმის რეკომენდაციის გათვალისწინებით, თბილისის მერიამ ჩაატარა წინასაპროექტო კვლევა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. კვლევის შედეგებით, პარკის მოწყობის შესაძლებლობა 20 ჰექტარზე დადასტურდა.

„ამ პარკში ვფიქრობთ, რომ განთავსდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მდინარე გაიხსნას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რათა ზღვის უბანს მოვუწყოთ არაჩვეულებრივი ახალი საქალაქო პარკი, რომლის პრეცედენტი, ვფიქრობ, საქართველოში არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ საპროექტო სამუშაოები და სამშენებლო სამუშაოებიც, ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები.

Please follow and like us: