საინვესტიციო საბჭოს ხუთივე წევრი შერჩეულია და მათ საზოგადოებას უახლოეს დღეებში ბრიფინგზე წარვუდგენთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ყველა კანდიდატი მაღალკვალიფიციურია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საპენსიო სააგენტოების ხელმძღვანელობის გამოცდილება აქვთ.

„დღეს ინტერპელაციის პროცედურების ფარგლებში პრემიერს დაუსვეს კითხვები, მათ შორის საპენსიო სააგენტოს მოქმედების და მუშაობის შესახებ და მან ამომწურავად უპასუხა კითხვებს. საუბარი შეეხებოდა ასევე საინვესტიციო საბჭოს არჩევას. დიახ, საბჭოს წევრები არიან შერჩეული, როგორც პრემიერმა დაასახელა, ისინი არიან მაღალი პროფესიონალიზმის და მაღალი რანგის პირები, ისინი ევროპულ ქვეყნებში ხელმძღვანელობენ წამყვან საპენსიო ფონდებს. ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება ბრიფინგი, სადაც მათ წარვუდგენთ საზოგადოებას. შესარჩევმა კომისიამ სრულად დაასრულა პროცედურებზე მუშაობა. შეირჩა ხუთი კანდიდატი საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ფინეთიდან და საქართველოდან”, -განაცხადა ლევან სურგულაძემ.

მისივე ინფორმაციით, საპენსიო რეფორმაში ჩაერთო თავდაპირველად დასაქმებულთა თითქმის 100%, თუმცა ამ ეტაპისთვის სისტემაში ჩართული პირების 8-9%-მა საპენსიო სისტემა დატოვა.

Please follow and like us: