გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნა და დღეიდან, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, მეტრო „დელისიდან“ ვაკის, აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით დროებითი მარშრუტები ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში გამოჩენილი თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ მოსახლეობის თხოვნით, დროებითი მარშუტები ამოქმედდება.

„ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნა და დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, მეტრო „დელისიდან“ ვაკის, აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით 8- მეტრიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დროებითი მარშრუტი ამოქმედდება, ეს მარშრუტი ასევე ვერას, მთაწმინდასა და სოლოლაკს გაივლის და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს. რადგან ეს დროებითია, ავტობუსებს ნომრები არ ექნებათ მინიჭებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თავდაპირველად იყო მოლოდინი, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესი ქალაქში გადაადგილების პრობლემას შექმნიდა, თუმცა გადაადგილება მოწესრიგებულია.

„თავდაპირველად ბევრი შიშობდა, რომ ამ პროექტის დაწყებით და ქუჩების გადაკეტვით შეიძლებოდა კოლაფსი გამოწვეულიყო ქალაქში, თუმცა ხედავთ, როგორი მოწესრიგებულია გადაადგილება. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, მამუკა მუმლაძეს. ძალიან სწორი მარშრუტებია შედგენილი. არ შემიძლია არ აღვნიშნო შსს-სთან ჩვენი თანამშრომლობა, მადლობა მინისტრ გიორგი გახარიას, საპატრულო პოლიციას, რომელიც დღე და ღამე ზრუნავს, რომ მოძრაობა შესაძლებელი იყოს,“-აცხადებს კალაძე.

Please follow and like us: