ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან გაჩერება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა და რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა. კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტს მადლობა გადაუხადა ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენი ინიციატივით, კანონში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები. კერძოდ, ავტობუსის ზოლსა და ველობილიკებზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებასა და მოძრაობაზე გავზარდეთ სანქციები. როდესაც კეთდება საფეხმავლო ბილიკები ქვეითად მოსიარულეებისთვის, კეთდება ველობილიკები, ძირითადად ეს ყველაფერი საპარკინგე ადგილებად არის გამოყენებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ჩვენ გავამკაცრეთ ჯარიმები და ეს უკვე ამოქმედდა. ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან გაჩერება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.

ასევე, დაწყებული გვაქვს პროექტი – ჭკვიანი კამერების დაყენება. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, ეს ჯარიმები ავტომატურ რეჟიმში მიუვა მათ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

Please follow and like us: