აფხაზეთისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი 600 000 ლარი არსებითი დახმარებაა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 2018 წელს, აფხაზეთს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საშუალებები გადასცეს, დახმარების მთლიანი ღირებულება კი 600 000 ლარს შეადგენდა.

„აფხაზურ მხარესთან შესაბამის ფორმატში ვთანამშრომლობთ, მთელი რიგი შეხვედრებია სხვადასხვა შუამავალი ქვეყნისა და დონორი ორგანიზაციების მეშვეობით. ამ შემთხვევაშიც გამოყენებული იქნა ეს საერთაშორისო არხები და აფხაზურ მხარეს შესაბამისი შხამ-ქიმიკატები და ტექნიკური საშუალებები მივაწოდეთ. მათთან ძალზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა გვაქვს, რომელიც საზოგადოებისთვის და ჩვენი სახელმწიფო მოწყობისთვის მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აფხაზეთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ (რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან გავრცელდა და ბუნებრივია, ეს აფხაზეთის გავლით მოხდა) პრევენციის და მცენარეთა დაცვის მიზნით ღონისძიებები გატარებულიყო. შედეგებზე სამწუხაროდ, კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ რამდენადაც ეს პრეპარატები და აღჭურვილობა არის მხოლოდ მცენარეთა დაცვის საშუალებები, ვფიქრობთ და ვვარაუდობთ, რომ ყველაფერი გამოყენებული იქნება მიზანმიმართულად“, – განაცხადა ხანიშვილმა.

მან ასევე გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, რომ აფხაზურ მედიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით მხოლოდ რუსეთის მიერ გაწეულ დახმარებაზეა საუბარი.

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოსახლეობამ, რომელსაც ჩვენ ვეხმარებით და სათანადო პრეპარატებს ვაწვდით, ძალიან კარგად იცის, საიდან არის ეს დახმარება. თუ მედიასაშუალებები არ აშუქებენ, ეს უკვე მათი პრობლემაა და მათი ხედვა როგორია, თავად გადაწყვეტენ. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ამას მოსახლეობისთვის ვაკეთებთ და მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, დახმარების გაწევა საიდან მოდის, ამაში ღრმად ვართ დარწმუნებულები“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

Please follow and like us: