ეს რომ ჩატარდეს, საქართველოს ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ქვლივიძემ ლგბტქ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ლგბტქ პრაიდის კვირეულში მონაწილეობა, სასიკვდილო ცოდვაა.

„ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წარღვნის მიზეზი ეს იყო. ამის გამო ინგრეოდა უდიდესი იმპერიები. ამის გამო დაინგრა რომის იმპერია. ბიზანტია ამიტომ დაინგრა, რუსეთში რევოლუცია ღმერთმა ამის გამო დაუშვა და წარმოიდგინეთ, რა მოუვა საქართველოს?! ასეთ პატარა ქვეყანას. ეს იქნება დაღუპვის დასაწყისი. ღმერთი დაგვსჯის ამის გამო, ამიტომ ვართ ჩვენ შეწუხებულები.

ჩვენ ახლა ნათლად ვხედავთ, ქვეყანა რა დღეშია. ფაქტობრივად, თავდაცვისუნარიანობა არ აქვს. ჯარი ჩვენ არ გვყავს. არაფერი ჩვენ არ გვაქვს. ერთადერთი ღმერთის იმედი გვაქვს და რაღაც ძალები ცდილობენ, რომ ღმერთთანაც დაგვაპირისპირონ“, – განაცხადა დეკანოზმა.

ამასთან, სასულიერო პირების თქმით, თუკი მაინც ჩატარდა ლგბტქ პრაიდი, ისინი მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ პროტესტს და “ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს კვირეული არ ჩატარდეს”.

მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ აკრძალონ მსგავსი ღონისძიებები, იმის ნაცვლად, რომ დაეხმარონ მის ჩატარებაში.

ცნობისთვის, 18-23 ივნისს თბილისში ლგბტქ პრაიდის კვირეულის ჩატარება იგეგმება.

Please follow and like us: