„დიღმის ჭალების“ პარკის პროექტირება დასრულდა. უახლოეს მომავალში ტენდერი პარკის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2019 წლიდან გლდანის ხიდებისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პარკის მშენებლობა დაიწყება. პროექტისთვის 11 მლნ ლარია გამოყოფილი, მისი დასრულება კი, 2 წელიწადში იგეგმება.

„გენერალურ გეგმაში საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია საქალაქო პარკების მშენებლობა და ერთ-ერთი ასეთი არის „დიღმის ჭალები“. 11 მილიონზე მეტი ჯდება ამ პროექტის განხორციელება, 2-წლიანი პროექტია. 2019-ში ვიწყებთ მის განხორციელებას. პროექტი უკვე არსებობს და უახლოეს დღეებში, მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას გამოვაცხადებთ. ეს არის გლდანის ხიდების და მისი მიმდებარე ტერიტორია. აქ დღეს მძიმე მდგომარეობაა, თუმცა მალე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება თავისი ინფრასტრუქტურით, ამფითეატრით, სპორტული მოედნებით და კაფე-ბარებით“, – განაცხადა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, დიღმის ჭალებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჭალის კუნძულზე, საერთო ჯამში, დაახლოებით 15 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე დიზაინის მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა, რომელიც თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ სარეკრეაციო სივრცის ფუნქციას მიიღებს.

Please follow and like us: