თბილისში, რუსთაველის გამზირზე ნარჩენების გადასახარისხებლად განკუთვნილი ურნები დაიდგა. ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და შერეული ნარჩენის შეგროვების მიზნით, „თბილსერვის ჯგუფმა“ ამ ტერიტორიაზე 80 კონტეინერი განათავსა. ინფორმაციას მთაწმინდის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

ახალი ურნები თბილისის საკრებულოდან ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიამდე განთავსდა, პარალელურად, განხორციელდა არსებული, ძველი ურნების დემონტაჟი.

ნარჩენების ადგილზე დახარისხების სისტემაზე საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.

სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, გასულ წელს თბილისის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და საპილოტე პროექტიც განხორციელდა.

Please follow and like us: