თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდება და საინფორმაციო ჯიხურები დაიდგმება.

„1 აგვისტოდან კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე და აბანოთუბნის გარკვეულ მონაკვეთზე ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება. მინდა დავავალო ვიცემერს ირაკლი ხმალაძეს და კომუნიკაციების სააგენტოს, რომ დავიწყოთ მოსახლეობის ინფორმირება ამასთან დაკავშირებით. მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებული ავტომანქანებისთვის არის სრულიად უფასო. ფასიანი პარკირებები სამ – A, B და C ზონებად შეიძლება დაიყოს. პარკირების საფასური A ზონაში საათში 1 ლარს, B ზონაში – 2 ლარს, ხოლო C ზონაში – 3 ლარს შეადგენს“, – განაცხადა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ უფასო პარკირებით რომ ისარგებლოს, ამისთვის საჭიროა საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით სისტემაში რეგისტრაცია და იმ სატრანსპორტო საშუალებების მითითება, რომლებმაც უნდა ისარგებლონ უფასო პარკირებით.

ამ სისტემაში რეგისტრაცია შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით, ასევე პირველი ივლისიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე მუნიციპალურ პავილიონებშიც, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება.

რაც შეეხება პარკირების საფასურის გადახდას, ეს შესაძლებელი იქნება სწრაფი გადახდის ტერმინალების, ასევე ვებგვერდის – parking.tbilisi.gov.ge ან მობილური აპლიკაციის – Tbilisi Parking-ის მეშვეობით.

გარდა ადგილობრივი მცხოვრებლებისა, ამ ზონებში ავტომანქანის გაჩერება უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისთვის და შშმ პირის საცნობი ნიშნის მქონე ავტომობილებისთვის, ხოლო ტაქსებისთვის – მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში.

თბილისის მერიამ ფასიანი პარკირების შემოღებამდე აღნიშნული ზონის ტრანსპორტით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება, რომ „მანის“ მარკის ახალი ავტობუსების უდიდესი ნაწილი გარეუბნებიდან ძველი თბილისის, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ქუჩების მიმართულებით მოძრავ მარშრუტებზე გადანაწილდეს.

ლესელიძის ქუჩაზე უკვე მოძრაობენ N50, N55 და N71 მწვანე ავტობუსები. მათთვის უშუალოდ ლესელიძის ქუჩაზე 3 გაჩერება მოეწყო, ასევე გაჩერება განისაზღვრა თავისუფლების მოედანზე, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედაც.

Please follow and like us: