ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვარაზისხევის ზედა ნაწილზე სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერდა.

ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

თბილისის მერის თქმით, თბილისის მერიისთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან გამომდინარე ჩატარდა კვლევა, რათა მერიას ჰქონოდა ინფორმაცია რამდენად საფრთხის შემცველია ჟვანიასა და მიმდებარე ქუჩებზე მშენებლობა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც დავუკვეთეთ, ეხება ვარაზისხევის ზედა ნაწილზე ჩატარებულ კვლევას, ასევე, ჟვანიას და მიმდებარე ქუჩებს. ჩვენ ბევრი კრიტიკა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ იყო ძალიან ბევრი სამშენებლო მოედანი გამზადებული მშენებლობების განსახორციელებლად. ძალიან დიდი შემოტევა იყო ინვესტორებისგან, თუმცა უსაფრთხოება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაჩერეთ ყველა ეს სამშენებლო ნებართვები, რომელიც იყო გამზადებული იმისთვის, რომ გაგვეცა ნებართვები და დავუკვეთეთ კვლევა, რომ გაგვეგო რეალურად არის თუ არა საფრთხის შემცველი ფერდები და ქუჩები”,-განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ მოადგილეს, მაია ბითაძეს სთხოვა დასკვნა წარმოედგინა. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, მოლოდინი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით მერიას ჰქონდა დადასტურდა.

“ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის ასევე, მარცხენა ფერდების კვლევა თქვენი დავალების შესბამისად ჩატარდა. მოხდა ძალიან დეტალური კვლევა ორივე ფერდის. კვლევა 200 ჰექტარზე ჩატარდა. სამწუხაროდ, ის მოლოდინი, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ფერდებთან დაკავშირებით დადასტურდა. განსაკუთრებით საუბარია მარჯვენა ფერდის მძიმე გეოლოგიურ მდგომარეობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ახალი მენეჯმენტის ფარგლებში არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა ამ ტერიტორიაზე და დამტკიცებული გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა) შეუსაბამო გრგ-დ იქნა გამოცხადებული. ამ კვლევამ ეს ყველაფერი დაადასტურა, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით, როდესაც გამზადებული ნებართვები არ გავეცით”,-აღნიშმა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძის თქმით, ასევე დამატებითი ღონისძიებები იქნება გატარებული უკვე აშენებულ ობიექტებთან მიმართებაში, რომელიც მარჯვენა ფერდზე არის განთავსებული.

Please follow and like us: