თბილისში მთავარი ქუჩების განათება მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში დაუწყიათ. ისტორიული წყაროების თანახმად, ამ დროისათვის თბილისელები ქუჩების განათების სანაცვლოდ გადასახადებსაც კი იხდედნენ, რომელსაც”მასრაფი” ერქვა. აკრეფილი თანხა ფარნების მოწყობაზე იხარჯებოდა. ცალკე გროვდებოდა ფული შუქის ზეთის შესაძენად. ამ გადასახადს ” კონის ფული” ერქვა.
1900 წელისათვის თბილისის ქუჩებში 3,2 ათასი ფარანი მდგარა. თბილისში ელექტროენერგიის გამოყენება 1897 წელს დაიწყეს.ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, თავდაპირველად ტფილისში, გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) პროსპექტზე მდებარე შენობების, ბანკის და თეატრის ელექტროფიცირება მოხდა.
გაზრდილი კომუნალური და სამრეწველო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მე-20 საუკუნის დასაწყისში, ტფილისში მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე დაიწყეს ფიქრი. თავდაპირველად, ახალი ჰესის ასაშენებლად რამდენიმე ლოკაცია შეირჩა. საუბარი იყო მადათოვის კუნძულზე, მდინარე არაგვზე სოფელ წიწამურთან და მდინარე ხრამზე სოფელ არუხლოსთან,თუმცა ამ პროექტის რეალიზაცია ვერ მოხერხდა.
იმ პერიოდში უპირატესობას თბოელექტროსადგურებს ანიჭებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, 1912 წელს თბილისში 22 თბოელექტროსადგური ფუნქციონირებდა. ამ დროისათვის ქალაქის მოედნებსა და ქუჩებს 818 ელექტრონათურა ანათებდა.
1921 წლისათვის თბილისს უკვე 44 თბოელექტროსადგირი ემსახურებოდა, თუმცა ელექტროენერგიით მოსახლეობის მხოლოდ 34 % იყო უზრუნველყოფილი. თბილისის სრული ელექტროფიცირება მხოლოდ გასული საუკუნის 30 – იან წლებში მოხერხდა. 1927 წელს თბილისის მახლობლად ფუნქციონირება დაიწყო ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურმა,თუმცა მისი სრული დატვირთვით ამოქმედება მხოლოდ 1938 წელს გახდა შესაძლებელი.