დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი ქრისტიანული რაზმია. მისი თქმით, ვასაძის მიერ დაანონსებულ რაზმს შეუერთდა.

„ვიყავი ვერის ბაღში და ჩავეწერე მოხალისეთა სიაში. ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი არის ქრისტიანული რაზმი, რომლის მიზანია, ის საცოდავი ადამიანები, ზოგი ძალით რომ იბრალებს, ამხილოს. მეც ვიცნობ იმ ხალხს, აღსარებას მაბარებენ. ვაპირებ, ქუჩაში გავიდე და ვთხოვო, ეს არ გააკეთონ. პარადი არაა სწორი. ცალკე მრუშები რომ შეიკრიბონ, ქურდები, კაცის მკვლელები, ყველას პარადი რომ მოუნდეს. ჩვენი მიზანია მხილება, რომ ვთხოვოთ ეს არ გააკეთონ. ნურც თავს ნუ იღუპავენ და ნურც მომავალ თაობას ღუპავენ“, – განაცხადა ტარიელ სიკინჭილაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა დეკანოზი „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებთან დაპირისპირებას, სიკინჭილაშვილმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია მათ ქცევაზე.

„მოცემულ მომენტში, თეორიულად ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, მაგრამ პრაქტიკულად როგორ მოვიქცევი, ამის გარანტია არც ერთ ადამიანს არ აქვს. ეს დამოკიდებულია მათ ქცევაზე. ჩემი თავი შუაში წარმომიდგენია, ერთ მხარესაც ჩემი შვილები არიან და მეორე მხარესაც. არც ერთ მხარეს არ დავიჭერ. ალბათ შუამავალი ვარ“, – განაცხადა დეკანოზმა.

ამასთან, კითხვაზე, მსგავსი რაზმების შექმნა რამდენად კანონიერია და ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას, დეკანოზმა განაცხადა:

„თუ კანონზეა საუბარი, მათი შეკრებაა უკანონო, ისიც რაღაც რაზმია. ღვთისთვის არაა მოსაწონი მათი შეკრება, არც ქვეყნისთვის არის სასარგებლო, ლევანის მხარე კი ღვთისთვის სათნოა და ქვეყნისთვის სასარგებლოა. ღმერთს მივანდოთ ყველაფერი. ცოლ-ქმარს და და-ძმას შორის ვერ გამოვრიცხავ დაპირისპირებას და ამას როგორ გამოვრიცხავ“, – განაცხადა ტარიელ სიკინჭილაშვილმა.

Please follow and like us: