სულ რამდენიმე დღეა, საკრებულოდან ფილარმონიამდე ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები დაიდგა. ეს ჩვენი რეალობისთვის სიახლეა. ზედმეტი ნივთების მოსაშორებლად აქამდე ქართველებს არ გვიწევდა ფიქრი, რომ ის დაგვეხარისხებინა. თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გაცილებით მეტად ვიზრუნოთ. ურნები შემდეგი   მასალებისგან დამზადებული ნარჩენების სეპარირებას გულისხმობს: მინა, პლასტიკა, ქაღალდი და შერეული ნარჩენი. აღნიშნული კონტეინერები  „თბილსერვის ჯგუფმა“ განათავსა.

ამ სიახლის შესახებ ყველაზე „სამართლიანი მსაჯული“, საზოგადოება საუბრობს.

*

მართალია, განვითარების თვალსაზრისით ბევრი ქვეყანა წინ გვისწრებს, მაგრამ ბევრიც ჩამოგვრჩება. ბოლო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქში ძალიან ბევრი ინიციატივა განხორციელდა. ერთ-ერთი სწორედ ურნების საკითხია. ერთი შეხედვით, თითქოს,  ქალაქისთვის არცთუ ისე საჭირო სიახლეა, მაგრამ საერთო წესრიგისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სწორედ დასუფთავების თემა. მე პირადად ძალიან მალე ავითვისე ეს სიახლე, რომ სანამ ნაგავს ურნაში ჩავაგდებ, ის უნდა დავახარისხო. ბევრჯერ გვინახავს, რომ პლასტმასის ურნა იწვის. სწორედ თავიდან ქაოსის არიდებას გულისხმობს ეს სიახლე. რუსთაველის გამზირი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი სივრცეა, მაგრამ კარგი იქნება, თუკი მსგავსი ურნები ნელ-ნელა მთელს დედაქალაქს მოიცავს.

*

უპირველესად ვიტყვი იმას, რომ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში იპოვო ერთ-ორი ისეთი ქართველი, რომელიც საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, რომელ განყოფილებაში რა ტიპის ნაგავი უნდა მოათავსოს, თუმცა უცხოელი ამას აუცილებლად აქცევს ყურადღებას. ამით იმის თქმა მსურს, რომ სიახლის სწორად გააზრებას მაინც ადამიანის პიროვნული თვითშეგნება განსაზღვრავს. „თბილსერვის ჯგუფის“ ეს ინიციატივა, ცხადია, ემსახურება იმას, რომ ადამიანი გაუფრთხილდეს ადამიანს და ადამიანი გაუფრთხილდეს გარემოს. ვფიქრობ, რუსთაველის გამზირზე 80 კონტეინერი საკმარისია. ვისურვებდი, სხვა ტერიტორიებზეც განთავსდეს ისინი. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ასეთი ყურადღება ექცევა სისუფთავესა და სიფრთხილეს. ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რა ცვლილებას რა მიზანი აქვს.

*

სიმართლე რომ გითრათ, მგონია, რომ აქამდე არსებული ურნებიც არ ქმნიდნენ დისკომფორტს, როცა ყველანაირი ტიპის ნაგავი ერთ კონტეინერში თავსდებოდა. თუმცა, რადგან ევროპული გამოცდილება ნაგვის სეპარირებას გულისხმობს, მივესალმები, რომ ამ ნაბიჯს ჩვენი ქვეყანაც შეუერთდა.

*

ეს სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც, უბრალოდ, წესრიგს ემსახურება. ყველაფერი გაცილებით ხარისხიანია, რაშიც გონება და აზროვნებაა ჩართული. ქაღალდს რომ ქაღალდის ურნაში მოათავსებ, შუშას რომ შუშის განყოფილებაში მოათავსებ, ე.ი, ჯანსაღი პრეტენზია გაქვს, რომ განვითარდე. უარყოფითს რაც შეეხება, მე არ მგონია, რომ ამ საკითხს უარყოფითი აქვს რამე, რადგან ორ დიდ ამბავს ემსახურება: წესრიგსა და ზრუნვას.

*

ჩემთვის მთავარია, ჯიბეში არ მედოს ნაგავი. ურნის დიზაინს მნიშვნელობა არ აქვს.

*

არ ვფიქრობ, რომ მარტივია, ადამიანმა ამ სიახლეს ფეხი აუწყოს, თუკი ვერ გაიაზრებს, რომ ნარჩენების განცალკევება უბრალო მანევრი არ არის. ძალიან კარგია ეს ინიციატივა გამომდინარე იქედან, რომ არაერთი ფაქტი გვინახავსმ როდესაც ნაგვის ურნიდან კვამლი ამოდის. ახლა, მეტ-ნაკლებად, შესაძლებელია, ამ დაუდევრობას ადამიანმა თავი აარიდოს. მთავარია, მან არ მიიჩნიოს, რომ სულერთია, სად რას ჩააგდებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯამურად, 80 კონტეინერი განთავსდა. ამასთან, მოხდა არსებული ურნების დემონტაჟიც.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: