დღევანდელი საზოგადოება, არცთუ ისე იშვიათად, კომფორტისა და საფრთხის ზღვარზეა. საფინანსო სექტორში შესაბამისი დეტალებისა და საკუთარი ბარათებისა და ანგარიშების მართვის არცოდნა, საბოლოოდ, მომხმარებელს უქმნის რეალურ საფრთხეს, იყოს მსხვერპლი. ჩვეულებრივ, დღის მანძილზე ჩვენ თავად შეგვიძლია, საკუთარი თავი საკმაოდ მძიმედ ვაზარალოთ. რა უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს და რა – საფინანსო სექტორს?
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე პასუხობს.
რა შემთხვევაშია პასუხისმგებელი ბანკი და რა შემთხვევაში – თავად მომხმარებელი?
უპირველესად, ბანკი ვალდებულია, მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეებისა და პრობლემების შესახებ. თუმცა, უმთავრესად, საკუთარ საბანკო ისტორიაზე პასუხისმგებელი მაინც თვითონ მომხმარებელია. ბუნებრივია, როდესაც მომხმარებელი ბანკში საკუთარ ანგარიშს ხსნის, ამ დროს ბანკს აქვს ვალდებულება, მიაწოდოს მას დეტალური ინფორმაციები, რომ ადამიანმა თავიდან აირიდოს არასასურველი შემთხვევები.
მომხმარებელს აქვს საშუალება, საკუთარი ანგარიშების უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის დამატებით საშუალებებს მიმართოს, რაც გამოიხატება ავტორიზაციის საფეხურების დამატებასა და SMSშეტყობინებაში.
დისტანციური მომსახურება – საფრთხე თუ კომფორტი. რამდენად სანდოა დღეს ინტერნეტბანკი?
დღევანდელ რეალობაში, როცა დრო ყველაზე მეტად ფასობს, ინტერნეტბანკი მნიშვნელოვანი მოვლენაა. დისტანციური მომსახურებით დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი ძალიან წარმატებულად სარგებლობს. აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენი პირადი ინფორმაცია არ ვანდოთ სხვა ადამიანებს. ძირითადი პრობლემა ის გახლავთ, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორ მართოს საკუთარი ანგარიშები და, უფრო მეტად, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას ფინანსური საჭიროებებისა და საკუთრი იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საბანკო სფეროში დგამენ.
რა თქმა უნდა, ბანკებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ და ამაზე საუბარი უსასრულოდ არის შესაძლებელი, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ თავად დავიცვათ საკუთარი ანგარიშები. უნდა მივხვდეთ, როდის არის მოცემულობა საეჭვო, რომ თავი შევიკავოთ საკუთარი პირადი მონაცემების გავრცელებისგან, რათა არ გავხდეთ მსხვერპლი.
აქედან გამომდინარე, ადამიანები საჭიროებენ ცნობიერების ამაღლებას შესაბამის საკითხებში. როგორ უნდა მოიქცეს ის და რა საფრთხეები მოგველის ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ყოველდღიურად, ადამიანები ჩვეულ პროცედურებს გადიან. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შესაძლოა, ბენზინგასამართ სადგურზეც კი ვანდოთ ახლობელ ადამიანს ჩვენი ბარათი. ცხადია, ძალიან ბევრია სანდო ადამიანი, მაგრამ შეიძლება, ათში ერთი აღმოჩნდეს, რომელიც მომენტალურად განახორციელებს არალეგალურ ტრანზაქციებს. მომხმარებელს მართებს გონიერება, რომ არ გახდეს ე.წ. ფიშინგის მსხვერპლი.
თუკი მოხდა ისე, რომ პიროვნება სწორედ ამ არალეგალურობის, თაღლითობის მსხვერპლი გახდა, მას აქვს აბსოლუტური უფლება, მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს.
დაბოლოს, როგორ შეუძლია მომხმარებელს საკუთარი ანგარიშის დაზღვევა?
ნებისმიერისთვის არის შესაძლებელი, ჩართოს დაზღვევის სერვისი და გარკვეული თანხის არასანქცირებულ ტრანზაქციას აუნაზღაურებს სადაზღვევო.
ავტორი: მარიამ ტიელიძე