„მე ვარ ნატალია, 9 წლის, ქართველი გოგო ინგლისში. მიყვარს ოპერა და ადამიანებთან საუბარი. მიყვარხართ“. -ასე ახასიათებს საკუთარ თავს, 9 წლის ქართველი გოგონა, რომელიც სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებთან ერთად სერიოზულ საოპერო არიებსაც ასრულებს. ნატალია სარდლიშვილი, ქართველი გოგონა  მანჩესტერიდან, “თბილისი თაიმსს” საყვარელი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

როგორ დაიწყო შენი  წარმატებების გზა,რამდენი წლიდან მღერი და ვინ დაგეხმარა წარმატების მიღწევაში?

მე დავიბადე საქართველოში, თბილისში. თუმცა, 3 წლიდან ვცხოვრობ დიდ ბრიტანეთში. 2 წლიდან ვმღერი. თავიდან დედამ შეამჩნია, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა. დედა კარგად უკრავს ფორტეპიანოზე და მამეცადინებდა ხოლმე. შემდეგ ინგლისში დავიწყე  სტუდიაში სიარული  და ვსწავლობდი პოპ მუსიკას, თუმცა არ მომწონდა, ვხვდებოდი რომ ეს ჩემი სფერო არ იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ,   საოპერო მუსიკის პედაგოგთან მივსულიყავით. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჟანრი  ძლიან მომწონდა და კარგადაც გამომდიოდა, ამ დროს 7 წლის ვიყაი.

რომელი საოპერო მომღერალი მოგწონს ყველაზე მეტად?

მე სულ ვამბობ, რომ ჩემი საყვარელი საოპერო მომღერალია ანიტა რაჭველიშვილი.ის არის ნიჭიერი, ლამაზი და ძალიან ჭკვიანი. მეც მინდა, მასავით წარმატებული ვიყო. მე ანიტას შევხვდი ინგლისში. თუ ამის საშუალება მომეცემა დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი ანიტასთან.

რა გრძნობაა როდესაც დიდ სცენაზე დგახარ?

სცენაზე გასვლამდე ძალიან ვნერვიულობ. ყოველთვის დედას მხარდაჭერას ვითხოვ და ვგრძნობ, როგორ სჯერა ჩემი შესაძლებლობების.  სულ მეუბნება მე შენში დარწმუნებული ვარო, რაც ძალიან მამხნევებს. სცენაზე რომ გავდივარ უკვე აღარ ვნერვიულობ,მინდა ხალხი გავახარო და მეც კარგად გავერთო.

მომიყევი შენი წარმატების შესახებ

პირველი წარმატება იყო 2o16 წელს როცა ჩემი სკოლის ტალანტის შოუში გავიმარჯვე. Lowerplace Got 2o16. მე ვმღერი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის Samaritans, ასევე ვმღერი ეკლესიაში, ვმონაწილეობ ფესტივალებში მათ შორი ქეთი მელუას ყოველწლურ ფესტივალში, ლონდონში. გარდა ამისა, ვწერ ვიდეოებს როგორც სიმღერებს, ასევე გამამხნევებელ საუბარს ყველა ადამიანისთვის, ვისაც რაიმე პრობლემა აქვს და გამხნევება სჭირდება.

რა სირთულეები შეგხვდა განვითრების  გზაზე?

დიდი სირთულეები არ შემხვედრია ჯერჯერობით, რადგან პატარა ვარ, თუმცა ვიცი, რომ მუსიკოსობა რთულია და იმედია ყველაფერი გამომივა. უფრო მიჭირს ისეთი ბავშვების გაცნობა, რომლებსაც მუსიკა უყვართ და ესმით. იშვიათად ვნახულობ ისეთ ბავშვებს, რომლებთანაც ნამდვილი მეგობრობა მინდა და ხშირად ამას ძალიან განვიცდი. უფროსებთან კარგად ვმეგობრობ.

როგორია სამომავლო გეგმები, აპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

მინდა, ძალიან კარგი მუსიკოსი ვიყო. ზოგჯერ რთულია მეცადინეობა, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან დამეხმარება, რომ ჩემი ოცნებები ასრულდეს. მინდა, ვმღეროდე ცნობილ მომღერლებთან და ხშირად ჩამოვდიოდე საქართველოში კონცერტების ჩასატარებლად.

 

Please follow and like us: