თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით, “მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში” მაინც ჩატარდება. ამის შესახებ მათ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აქტივისტების განცხადებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება ქვეყანაში სიძულვილის აღოსაფხვრელად. მათი თქმით, მთავრობის რეაგირება სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არაეფექტურია.
“საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები”, — წერია განცხადებაში.
თბილისი პრაიდის გუნდი ამბობს, რომ დაგეგმილ საჯარო მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები. ასევე, ევროკავშირისა და მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები. ისინი მოუწოდებენ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად შეუერთდნენ მათ.