„თბილისის განვითარების ფონდის “ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა მთავრობის სხდომაზე, სადაც აღნიშნა, რომ ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილისაკუთარი სურვილით თანამდებობას ტოვებს.

კალაძემ ბაიდარაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  ბოლო დროს თბილისისთვის ერთ-ერთი შთამბეჭდავი და წარმატებული პროექტი იყო ორბელიანის მოედნის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია, რომლის განხორციელებისთვის „თბილისის განვითარების ფონდმა“ და მისმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა უდიდესი შრომა გასწია.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამისთვის. გიორგი არის მაღალი დონის პროფესიონალი და ფონდის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში მან დიდი წვლილი შეიტანა იმ დიდ საქმეში, რომელიც მსხვილი ისტორიული არეალების რეაბილიტაციას და გაცოცხლებას ითვალისწინებს.

ამის მიუხედავად, ყველა პროფესიონალს აქვს თავისი გეგმები კარიერული თუ განვითარების თვალსაზრისით და გიორგიმაც გადაწყვიტა, რომ დატოვოს ფონდის ხელმძღვანელის პოზიცია. ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მე პატივს ვცემ. მინდა წარმატებები ვუსურვო მას მის საქმიანობაში და ამავე დროს, საზოგადოებას წარვუდგინო თბილისის განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ალექსანდრე ტოგონიძე აქამდე იკავებდა ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციას, ხოლო უფრო ადრე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

„ვფიქრობ, მას კარგად ესმის ურბანული გამოწვევები, არის კარგი მენეჯერი. მისი ამ პოსტზე მუშაობის პერიოდში დამტკიცდა გენერალური გეგმა, აიკრძალა K კოეფიციენტების მატება, განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება დადგენილებებში, რაც ქალაქის სწორი განვითარებისთვის არის აუცილებელი. დარწმუნებული ვარ, სანდრო ამ მოვალეობასაც თავს კარგად გაართმევს და არაერთი ისტორიული პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციას, კალაძის თქმით, ამ თანამდებობას გიორგი ებანოიძე დაიკავებს,  რომელიც მუშაობდა ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ.

„გიორგი ებანოიძე არის პროფესიით ეკონომისტი და სამართალმცოდნე. მას გააჩნია, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. მინდა, წარმატება ვუსურვო მას ამ ახალ პოსტზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Please follow and like us: