ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მრგვალი მაგიდა გამართა თემაზე „საქართველოში ლტოლვილთა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა“.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების მსგავსად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც იმატა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა.

მისივე თქმით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 1 382 ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა რუსეთის, ერაყის, უკრაინის და სირიის მოქალაქეები არიან.

ნინო ლომჯარიამ ამ მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და გასული წლების დადებით ნაბიჯად შეაფასა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მისი კანონქვემდებარე აქტების პაკეტის შემუშავება და მიღება.

მისივე თქმით, თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სახალხო დამცველის აპარატისთვის.

„2015 წლიდან სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ინტენსიურად სწავლობენ, როგორც ზოგადად თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში, ასევე ახორციელებენ ინტენსიურ მონიტორინგს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის შესაფასებლად, თავშესაფრის პროცედურის ხარისხის შეფასების მიზნით ამოწმებდნენ ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურის და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრს“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

Please follow and like us: