საქართველოს მიმზიდველობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, დღითიდღე იზრდება, ასევე დიდი წარმატებით ხორციელდება კერძო სექტორის ინიციატივები, რომელთაც სათავეში უდგანან ქართველი და უცხოელი ინვესტორები, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-ქაიალარმა საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ADB-ის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული ინვესტიციები ტრანსპორტის, წყალმომარაგების და ენერგეტიკის სექტორებში, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და ურთიერთკავშირს საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში და სცდება რეგიონის ფარგლებსაც.

„როგორც დერეფანს და მაკავშირებელ რგოლს, საქართველოს აქვს ძალიან მომგებიანი მდებარეობა. ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობა, რომლის მიზანს წარმოადგენს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და ინსტიტუციური ბაზის მხარდაჭერა, რათა წახალისებული იყოს საჯარო-კერძო პარტნიორობა და განხორციელდეს ახალი პროექტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფრასტრუქტურის და მომსახურების გასაუმჯობესებლად. საქართველოს მიმზიდველობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით დღითიდღე იზრდება, ასევე დიდი წარმატებით ხორციელდება კერძო სექტორის ინიციატივები, რომელთაც სათავეში უდგანან ქართველი და უცხოელი ინვესტორები. კერძო სექტორის შემდგომი მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ შეიმუშავა შესაბამისი სტრუქტურა და სამუშაო ჩარჩო, რომელიც კერძო სექტორს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაში. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ 2015 წლიდან გვაქვს ამ ინიციატივების მხარდაჭერის შესაძლებლობა როგორც ტექნიკურ, ისე პროექტების კუთხით თანამშრომლობის დონეზე. ჩვენ მადლობელნი ვართ და დიდად ვაფასებთ ამ პროცესში მთავრობისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის სააგენტოს თანამშრომლობასა და ძალისხმევას. შედეგად, ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწიეთ“, – განაცხადა იეშიმ ელჰან-ქაიალარმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოში პირველად, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებაზე ორდღიანი კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე იმსჯელებენ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე მდგრადი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე ყურადღება დაეთმობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების როლს ინკლუზიური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველყოფაში.

Please follow and like us: