ზაფხული არის ის სეზონი, როდესაც ადამიანები დედაქალაქიდან – თბილისიდან სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობას გეგმავენ. ამ სეზონის ცხელ დღეებს თავს ზოგი მთაში, ზოგი კი ზღვაზე აღწევს. ჩვენი ქვეყნის ბუნება რომ მრავალფეროვანია და ულევ შესაძლებლოას იძლევა, ეს მსოფლიოსთვისაა ცნობილი. რეგიონების წარმომადგენლები თავად მოგვიყვებიან, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ზაფხულში ამ მშობლიურ მხარეს.

რაჭა

„ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, თუ რატომ უნდა ეწვიოს ადამიანი საქართველოს თითოეულ კუთხეს დასათვალიერებლად 4-ვე სეზონის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მრავალფეროვნება; მრავალფეროვნება არა მარტო სხვადასხვა კუთხის, არამედ ერთი და იმავე ადგილის სხვადასხვა სეზონზეც კი. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და საყვარელი კუთხე არის რაჭა, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია საუბარი. ეს არის ადგილი , რომელიც სიყვარულზე მეტია. აქ ყველაფერია – მთები, ტყეები, ტბები, მდინარეები, ჩანჩქერები, გამოქვაბულები, ეკლესია-მონასტრები, ციიხეები. ყველა სოფელში რაღაც ღირსშესანიშნაობაა. აქ არასდროს მოიწყენ. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია, იყო სულ მარტო , ჰამაკში იჯდე , მეზობლის ეზოდან მოპარულ ვაშლს ჭამდე, შაორისა და ტყის ნიავი გიბერავდეს, კავკასიონს უყურებდე და ისვენებდე, ან,, უბრალოდ შენს ყველა მეგობარს მოჰკიდო ხელი, წაიყვანო რაჭაში და ერთად ათას თავგადასავალში ამოჰყოთ თავი; ჩანჩქერამდე 3-კილომეტრიანი გზა 30 გამოვიდეს, ღამის სამ საათზე „სერენადას“ გიმღერდდენ, წყაროდან დასალევად ძლივს ამოთრეული წყლით წუწაობდე, 1 მანქანაში 9 კაცი ისხდეთ და ძროხებს ეკითხებოდეთ – “ონი საით არის “?; ღაამეებს ათენებდე ვარსკვლავების ყურებაში და არც კი გეძინებოდეს. რაჭა არის ადგილი, სადაც შეგიძლია, სულ მარტო იყო, არ მოიწყინო და ისე დაისვენო ან ძალიან გიჟურად ბევრ მეგობართან ერთად დაისვენო, რომ მაგის შემდეგ სადაც უნდა წახვიდეთ, ყველაზე მაგარი გასახსენებელი მაინც რაჭა გექნებათ“.

კახეთი


„კახეთი ძალიან ლამაზი კუთხეა ისევე, როგორც მთლიანად საქართველოს დანარჩენი კუთხეები და ამასთან ერთმანეთისგან გამორჩეულნი არიან როგორც ბუნებითა და მდებარეობით, ასევე – ტრადიციებით. ბოლო პერიოდში საკმაოდ განვითარდა ტურიზმი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აუთვისებელი ადგილია. კარგად ვიცით, რომ მეტად საინტერესო ამ მხარეში შემოდგომაა. მიუხედავად ამისა, სხვა სეზონების დროსაც ძალიან სასიამოვნოა კახეთში სტუმრობა. მთავარი კი ის არის, რომ სტუმრებისთვის ყველაზე კარგ ფონს თავად კახელები ქმნიან. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები, რომლებიც ყველაზე გემრიელად სწორედ კახეთში მზადდება. ასევე, ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილებია, სადაც შაბათ-კვირის ან მთელი კვირის გატარებას შეძლებთ და დაივიწყებთ რუტინულ ცხოვრებას. ამ ყველაფერთან, თავისთავად, ძალიან ბევრი კულტურული და ისტორიული ადგილის მონახულებაც აუცილებელია. ისე კი, ნებისმიერ დროს ძალიან გაგახალისებთ კახური იუმორი“.

სვანეთი


„ძნელია იმ კუთხეზე ობიექტურად საუბარი, სადაც გაიზარდე და მთელი რიგი სასიამოვნო მოგონებები გაქვს, მაგრამ სვანეთი – ეს არის სუფთა ჰაერი, ულამაზესი ბუნება და უთბილესი ხალხი. ჩემთვის სვანეთი ყველაფერია. ვგრძნობ, როგორ მენატრება ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა, სოფლის ორღობეები, მოსახლეობის ფუსფუსი, ახალგაზრდების ჟრიამული, ბავშვების თამაში… წელიწადის ყველა დროს შესანიშნავია ჩემი კუთხე, მაგრამ ჩემთვის საყვარელ სეზონებად ზაფხულსა და შემოდგომას დავასახელებ. რატომ? ზაფხულში სვანეთში უნდა მოხვდეთ ერთხელ მაინც და დამიჯერეთ, მერე სულ მოგინდებათ წელიწადის ამ დროს იქ მოხვედრა. ახალგაზრდობით სავსე ქუჩები, მდინარეზე ბანაობა, ქვიშაში თამაში (მიუხედავად იმისა, რა ასაკის ხარ), იქვე დაწყებული ოხუნჯობები, კარტის თამაში ნაძლევზე, წუწაობა, სხვადასხვა სპორტული აქტივობა და დღის ბოლოს ამ ყველაფრის დაგვირგვინება ისევ მდინარის პირას, ამჯერად, „მოპარული” სიმინდითა და ლუდით. დამიჯერეთ, ზაფხულში სვანეთში არ მოგწყინდებათ. შემოდგომა, უბრალოდ, სასწაულია თავისი ფერთა გამითა და უხვი ბაღ-ხეხილით. სვანური სამზარეულო ხომ ცალკე სასწაულია – კუბდარი, კუბდარი და ისევ კუბდარი, თუმცა მხოლოდ კუბდარი არ არის ჩვენი სუფრის სიამაყე. სვანური სუფრა ნაზავია მთელს საქართველოში ცნობილი საჭმელებისა – თუმცა, ჩვენებური ელემენტებით.
სვანეთი გამორჩეულია თავისი მრავალფეროვანი ბუნებით, მიუვალი და საინტერესო ადგილებით, კულტურული ძეგლებით, უიშვიათესი ფოლკლორითა და უხვი სუფრით. მაგრამ მთავარი, რაც სვანეთს სხვა კუთხეებისგან გამოარჩევს, ეს არის სვანური მარილი, კუბდარი და კოშკები. მხოლოდ სვანეთში შეგიძლიათ, იხილოთ ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა დასახლებული პუნქტი ევროპაში უშგულის სახით, დატკბეთ საქართველოს უმაღლესი მწვერვალების უშბისა და შხარას ხილვით და შეიგრძნოთ სუფთა ჰაერი, რომელიც ფილტვებს გაგიხსნით. ეს და კიდევ სხვა უამრავი მახასიათებელი გამორჩევს სვანეთს საქართველოს სხვა კუთხეებისგან. მოკლედ, სვანს სვანეთზე საუბარი დაუსრულებლად შეუძლია, ამიტომ სჯობს, აქ გავჩერდე და გირჩევთ ყველას – Well come to Svaneti. ჰავა, კლიმატი, ბუნება, სამზარეულო, რთული რელიფი, ეთნოსი და კულტურა“.

(ზემო) აჭარა

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა გაატარო ზაფხული აჭარაში
აჭარა სხვა მხარეებისგან განსაკუთრებით ცივი და ჯანსაღი ჰაერით გამოირჩევა;
აქ შეგიძლიათ, ნახონ ულამაზესი ბუნება და ბუნებაში ჩაფლული სოფლები;
დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს;
საოცრად თბილი და მზრუნველი ადამიანები დახვდებიან;
შეძლებთ; მოინახულოთ მწვანე ტბა, რომელიც სილამაზით განთქმულია, განსაკუთრებით – საღამოს, როცა ნისლითაა დაფარული;
აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას საშუალება გექნებათ, დაესწროთ მთის დღესასწაულს – შუამთობას, სადაც იმართება დოღი და სხვადასხვა სახის თამაშები, კონცერტები. ეზიარებით ნამდვილ აჭარულ კულტურას;
მოინახულებთ სოფლებს, სადაც თთოეული სახლის ეზოში წყაროს ცივი წყალი მოჩუხჩუხებს. სოფლების ტყეში შეგიძლიათ, დაკრიფოთ ტყის მარწყვი და სხვა კენკროვანი ხილი.

სამეგრელო


„სამეგრელოს მხოლოდ იმიტომ უნდა ესტუმროს ტურისტი, რომ ნამდვილი სილამაზის – მთისა და ზღვის საოცარი ტანდემი იხილოს. სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში მოგზაურებს შეუძლიათ, დაათვალიერონ კანიონები, მღვიმეები, მუზეუმები, ეროვნული პარკები, ესტუმრონ მთებსა და მათ წიაღში დამალულ ტბებს, მოინახულონ ისტორიული ადგილები და ისიამოვნონ ზღვით. გარდა ამისა, ყოველ ზაფხულს ანაკლიაში ტარდება ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს. სამეგრელო გამოირჩევა მრავალფეროვანი სამზარეულოთი და საოცარი სტუმართმოყვარეობით. აუცილებლად სანახავ ადგილებს მიეკუთვნება კოლხეთის ეროვნული პარკი; ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც წელს სრულად აღდგება; მარტვილის ულამაზესი კანიონი და დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, სადაც მათი ღვინის მარნის დათვალიერება შეგიძლიათ; ზუგდიდში მდებარე დადიანების ორი სასახლე, სადაც უამრავი ისტორიული თუ კულტურული ექსპონატია დაცული, მათ შორის, ღვთისმშობლის კვართი, ჭყონდიდის ტაძარი, ღია მუზეუმი – ნოქალაქევი, რომელიც მდინარე ტეხურას პირასაა გაშენებული; ეგრისის ულამაზესი მთები და მისი ტბები, მათ შორის, ყველაზე პოპულარული – “ტობავარჩხილი”.

გურია


„არ ვიქნები ბანალური და არაფერს ვიტყვი იმის შესახებ, რომ გურიის ბუნება ნამდვილად თვალისმომჭრელია. აქ ადამიანები არიან ისეთები, რომ ზაფხულს კი არა, ნებისმიერ სხვა სეზონს აქცევენ დღესასწაულად. ზაფხულობით აქ ვიკრიბებით ხოლმე ბავშვები და დიდები ერთად. ბებიებს ისეთი ენები და იმდენად საინტერესო ისტორიები აქვთ, რომ მხოლოდ უნდა უსმინო. კიდევ ის მიყვარს, ძალიან დიდ საზამთროებს რომ ვჭრით ხოლმე ერთად. ეს ხილი ზაფხულის ნიშანია. ძალიან სტუმართმოყვარეები ვართ, ნამდვილად გამორჩეულად. გურული თუ რამეს გეტყვის, გამორიცხულია, რომ დაგავიწყდეს, როგორი უცნაურობაც უნდა იყოს ის. ასეთი ამბები განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი თბილისელებისთვის არის ხოლმე. 2-3 დღე უნდა, რომ აქაურების ხმამ და კილომ ყური არ მოგჭრათ. შემდეგ უკვე თქვენც ასე დაიწყებთ საუბარს“.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: