ქვეყანაში მასობრივი პროტესტის ფონზე წლების წინ განვითარებული სცენარი მეორდება. რუსული მხარე 8 ივლისიდან კრძალავს ფრენებს საქართველოს მიმართულებით და მის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. იმ ფონზე, როდესაც ქართული ეკონომიკის საკმაოდ დიდი წილი ტურიზმზე მოდის, ხოლო ტურისტულ სეზონებზე რუსი ვიზიტორების რაოდენობა განსაკუთრებით დიდია, საფრთხე, რომელიც ქართულ ეკონომიკას ამ გადაწყვეტილებით დაუდგა, ყველასთვის ცხადი და გასაგებია. მიუხედავად ამისა არ წყდება საპროტესტო ტალღა, რომლის ლოზუნგიც “რუსეთი ოკუპანტია” მიმართულია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და მიზნად ქართული ძალისა და მისი სუვერენიტეტის მნიშვნელობის ჩვენებას ისახავს.
მიუხედავად რუსული მუქარებისა, ქართული მხარე მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და სხვადასხვა გზით ცდილობს ტურისტული სეზონის გადარჩენას და მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილებას. დარგის ექსპერტები ყურადღებას ბაზრის დივერსიფიცირების აუცილებლობისკენ მიანიშნებენ და ამ ახალ ემბარგოს, როგორც შანსს ისე უყურებენ, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომსახურების ხარისხის ზრდას და მის დაახლოებას ევროპული ბაზრის მოთხოვნებთან.
რა უნდა გაკეთდეს ამ მძიმე ეკონომიკური ომის პირობებში ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და ტურისტული სექტორის გასაძლიერებლად, ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა ეკონომისტი, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი შოთა გულბანი.
-როგორ აისახება რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით ქართულ ეკონომიკაზე და რატომ?
რუსეთიდან საქართველოში ფრენების აკრძალვა პირდაპირ ზეგავლენას იქონიებს რუსი ტურისტების შემცირებაზე, რაც სახმელეთო შემოსვლებზეც, ცხადია, აისახება. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით რუსი ვიზიტორები ლიდერობენ 21,4%-ით და გასული წლების სტატისტიკაც ანალოგიურია, აშკარაა, რომ ტურიზმიდან ჩვენს ეკონომიკაში დახარჯული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რუსეთზე მოდის. ის არგუმენტი, რომ რუსები დაბალბიუჯეტიანი ტურისტები არიან და ამის გამო მათზე უარი უნდა ვთქვათ, არაადეკვატურია, ვინაიდან ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანაში ფულს ხარჯავენ, ეს იქნება სასტუმროს დაქირავება თუ ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
ვფიქრობ, რუსმა ხალხმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი -სად წავიდეს დასასვენებლად და მათ დიქტატორ პრეზიდენტს არ მოუსმინოს. ამ დღეებში ბევრი კომენტარი წავიკითხე რუსი ტურისტების მიერ მიმდინარე მოვლენებზე სოც-ქსელებში დაწერილი და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტური უმეტესობა დადებითია, შესაბამისად, თუ პოლიტიკური ფონი დასტაბილურდება, სიტუაცია ჩვეულ კალაპოტს მალევე დაუბრუნდება. მე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმ დონის იმუნიტეტი, რომ რომელიმე ქვეყანასთან ეკონომიკური ომი „აწყობდეს“, ჩვენ აუცილებლად დავზარალდებით და ეს ზიანი იქნება იმაზე დიდი, ვიდრე წარმოგვიდგენია.
-რა უნდა გაკეთდეს ტურისტული სეზონის დასაცავად და მისი დანაკარგების შესამცირებლად, რომელიც ამ მოვლენების შემდეგაა მოსალოდნელი?
შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ იქნება, რომ მიმდინარე სეზონზე რუსეთიდან ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვნად დაიკლებს. სამწუხაროდ, იმდენად მცირე დროა დარჩენილი სამოქმედოდ, რაიმეს გაკეთება ასეთ მცირე დროის პერიოდში თითქმის შეუძლებელია, ვგულისხმობ რუსი ტურისტების ჩანაცვლებას სხვა უცხოელი ვიზიტორებით მიმდინარე სეზონზევე. თუ ორ ქვეყანას შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, მაშინ ქართულ მხარეს ბევრი სამუშაო ექნება ჩვენი ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ წარმოსაჩენად დასავლურ და ევროპის ქვეყნებში, უფრო მეტი ფულის დახარჯვა მოგვიწევს ქვეყნის საიმიჯო მარკეტინგში მსოფლიო მასშტაბით და სხვადასხვა აქტიური ღონისძიებები, რომ დანაკლისი ეტაპობრივად დაბალანსდეს. ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი არ არის, თუმცა ძვირი დაგვიჯდება. სამაგიეროდ შემდგომში მეტი სტაბილურობის განცდა გვექნება და უფრო მშვიდად ვიცხოვრებთ.
– როგორ შეაფასებთ ახალ წამოწყებას „დავისვენოთ საქართველოში“, რომელიც მოუწოდებს ადგილობრივებს დაისვენონ ქართულ კურორტებზე და რამდენად სარგებლიანი და ეფექტური იქნება ეს ნაბიჯი?
ეს ინიციატივა კეთილშობილური და მისასალმებელია და მას დაჭირდება დამსვენებელ-მოქალაქეთა გაერთიანება და პრინციპული გადაწყვეტილების მიღება, რომ დარჩნენ ჩვენს ადგილობრივ კურორტებზე და უარი თქვან ევროპის ან დედამიწის სხვა ქვეყნების მონახულებაზე. მაგალითად, იგივე 2019 წლის პირველ კვარტალში სულ რუსეთიდან 74,2 ათასი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში, ხოლო საქართველოდან ჯამში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ამავე პერიოდში საშუალოდ 165,2 ათასი რეზიდენტი ვიზიტორი გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევარი მაინც რომ დარჩეს ადგილობრივ კურორტებზე დასასვენებლად, თითქმის ჩავანაცვლებთ რუსი ტურისტის დანაკლისი, თუმცა ეს ოპტიმისტური სცენარია და ბევრი გარემოება გვაფერხებს. მაგალითად ის, რომ ქართველი დამსვენებლები, თუ მათ სამოგზაუროდ გარკვეული დანაზოგი აქვთ გაკეთებული, უპირატესობას ანიჭებენ ევროპის და სხვა ქვეყნებს, სადაც თითქმის იგივე ჯდება სასტუმრო, თუ წინასწარ დაჯავში, რაც ჩვენს კურორტებზე. ჩვენი ადგილობრივი სასტუმროები, ძირითადად მორგებული არიან უცხოელ დამსვენებლებზე და შესაბამისად საბაზროზე უფრო მაღალი ფასები უჭირავთ, ეს კი ქართველი დამსვენებლისთვის შემაფერხებელი გარემოებაა.
გარდა მაგისა, რიგით მოქალაქეს, რომელიც მთელი წელი აგროვებდა თანხას რომ მისი ფავორიტი ქვეყანა და ქალაქი ენახა, ცოტა რთულია აუხსნა, რომ რადგან რუსი ტურისტები აღარ მოდიან ახლა ის ბათუმში ან ქობულეთში უნდა წავიდეს დასასვენებლად და იქ დახარჯოს თავისი წვალებით მოგროვილი თანხა.
ამ მოწოდების შემდეგ, რომ საქართველოს კურორტებზე დავისვენოთ, ცხადია ადამიანთა გარკვეული კატეგორია საწყის ეტაპზე შესაძლოა დარჩეს, თუმცა ეს ერთჯერადი იქნება და სურათს არ შეცვლის. ტურიზმის განვითარების ერთერთი დიდი პლუსი ისაა, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდის და ადგილობრივ ეკონომიკაში იხარჯება, შესაბამისად მომავალში აქცენტი უფრო მეტად სხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე უნდა გავაკეთოთ.
-როგორია თქვენი მოლოდინი ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, რა მოხდება თუ რუსული მხარე ისევ გადაწყვეტს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებას, ამ შემთხვევაში როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ეკონომიკაში?
ამ შემთხვევაში უკვე შედეგები მართლაც ძალიან მძიმე დაგვიდგება. თუ 2006 წლის სცენარი განმეორდა, როცა რუსეთმა ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქციას ემბარგო დაუწესა, ეს პირდაპირ დაარტყამს პირველ რიგში ჩვენს მეღვინეობას. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მთლიანი ღვინის ექსპორტის 60% რუსეთის ბაზარზე მოდის, სწორედ ამ 60 პროცენტზე აქვს აგებული თავისი ბიზნეს მოდელი ექსპორტიორ ღვინის კომპანიებს და შესაბამისად მიმწოდებელ მევენახეებს. რუსული ბაზრის ჩაკეტვის შემთხვევაში გლეხების აბსოლუტურ უმრავლესობას ყურძენი ჩაუბარებელი რჩება და ღვინის მწარმეობლებს ჩამოსხმული და დაფასოებული ღვინო გასაყიდი. უცებ და ერთბაშად ახალი ბაზრების ათვისება ვერ მოხდება, ამას დრო დაჭირდება და მოხდება იმაზე უფრო დიდი რევოლუცია, ვიდრე წინა დღეებში ვიხილეთ. მე მქონდა საუბარი ერთერთი ლიდერი ღვინის ექსპორტიორი კომპანიის თანამშრომელთან, რომელიც ჩემი მეგობარია და მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ არსებული შეკვეთა უკვე გაჩერებულია და მალე კომპანია მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, რასაც ქვია გასაღების ბაზრის არ არსებობა. და ეს მხოლოდ ნეგატიური პოლიტიკური ფონის და პუტინის მოწოდების შემდეგ. ამას მიჰყვება გადმორიცხვები, ინვესტიციები, გადამზიდავი კომპანიები და მთლიანობაში ეს ყველაფერი მნიშვნელოვან ზარალზე გაგვიყვანს. იოლად გადავიტანთო რომ საუბრობენ, ან საკითხი არ ესმით, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული არიან. საფრთხეები დასათვლელია და დროულად არის სამოქმედო გეგმა შესამუშავებელი.
ჩემი აზრით, როგორც მთავრობის, ისე თავად ღვინის ექსპორტიორი კომპანიების ბრალიც არის, როცა მათ არად ჩააგდეს რუსეთის არაპროგნოზირებადი პოლიტიკური კონიუნქტურა და მძიმე ვითარება საქართველოსთან, და მაინც ამ ბაზარზე დამოკიდებული გახდნენ. მიმდინარე ეტაპზე, სანამ ვითარება კიდევ უფრო არ დაიძაბება, ყველა კომპანიამ, მთავრობის შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით, უნდა შეიმუშაონ რუსული ბაზრის დატოვების გეგმა დოკუმენტი, იქნება ეს ღვინის მწარმოებელი, თუ თხილის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პროცესი იქნება საკმაოდ რთული და დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული.
ავტორი: ანა ურუშაძე