საქართველოს ისტორიის სისხლიან ქრონიკებს ივნისის 20 შეემატა, რომელმაც ბევრი რამ დაგვანახა, გვასწავლა თუ არა ასევე ბევრი რამ, საკითხავი სწორედ ესაა.
ათასობით ქართველი პარლამენტის წინ შეიკრიბა სწორედ ოცი ივნისის საღამოს და ისინი ამავე შენობაში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებასა და რუსულ ენაზე ასამბლეის წაყვანას აპროტესტებდნენ. რუსეთი ოკუპანტია- სწორედ ამ მთავარი მესიჯის ფონზე, როგორც პოლიტიკურმა ასევე აპოლიტიკურმა ადამიანებმა გამოხატეს პროტესტი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და ამ ფაქტზე პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვეს. იმავე ღამეს პოლიციამ აქციის დაშლა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაიწყო, რასაც ასობით მომიტინგისა და ჟურნალისტის დაშავება მოჰყვა. დღევანდელი ინფორმაციით დაკავებულია ასობით მომიტინგე, ხოლო დაშავებულების რაოდენობა, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, კიდევ უფრო მეტია.
დაძაბული შიდა ვითარების გარდა ამ მოვლენებს თან დაერთო მძიმე საგარეო დარტყმები. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ორიოდ სიტყვა თავად პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ. რას ნიშნავს იგი და რას მოუტანს ქვეყანას ამ ტიპით უახლოესი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ძირითადად არსებობს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემები. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს კენჭს იყრიან კანდიდატები – ადამიანები უშუალოდ და გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს. ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს კენჭს იყრიან პარტიული სიები, რომელთა მანდატები ნაწილდება მოპოვებული ხმების პროპორციულად. ხოლო პროპორციული სიის მიერ მოპოვებული მანდატი ნაწილდება პარტიულ სიაში შემავალ კანდიდატებზე სიის დასაწყისიდან მიყოლებით. მართალია საზოგადოების მოთხოვმა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა, თუმცა კიდევ ერთმა ინიციატივამ, რომელიც გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი და ეჭვი გააჩინა.
როგორი იქნება შიდა და საგარეო საფრთხეების ზრდის ფონზე პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების გავლენა ჩვენს ქვეყანაზე და რას მოუტანს ეს სიახლე ჩვენს ერს, ამას აფასებს „ თბილისი თაიმსთან „ ექსპერტი სამეხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.
„პირველ რიგში ისაა აღსანიშნავი, რომ რუსეთთან ნებისმიერი ეკონომიკური კავშირი, ნებისმიერ სფეროში რუსეთის მონაწილეობის დომინირება არის საფრთხის შემცველი. ეს ეხება ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, ტურიზმს და სხვა სფეროებს.
თითქოს გაუკვირდათ ის რაც პარლამენტში გავრილოვის მონაწილეობით მოხდა. მსგავსი და უარესი საკითხებიც უფრო მშვიდად გვარდება ხოლმე. მაგალითს მოვიყვან. რამდენიმე წელია ნიდერლანდები რუსეთს MH17 რეისის ჩამოგდებასა და ადამიანების დახოცვაში ადანაშაულებს. რამდენიმე რუს სამხედრო მაღალჩინისანზე საქმეც კი აღძრეს. რატომღაც რუსეთი მსგავს დემარშებს არ მიმართავს და არ უკრძალავს რუსულ კომპანიებს ფრენებს. მსგავსი მაგალითი უამრავია.
რაც შეეხება ტურიზმის სექტორის დანაკარგებს. რა თქმა უნდა, ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ტურისტულ სექტორს, რომელზეც ბევრი რამაა მიბმული გიდებით დაწყებული ღვინის ტურებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, გარკვეულ ადამიანებს, კომპანიებს მოაკლდებათ შემოსავლები. არაა საჭირო თავის მოტყუება. მაგრამ ტურიზმი არაა მთელი ეკონომიკა, არც მისი მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაბამისად, ტურიზმის ნაკადების მეხუთედით (თუმცა, მაგდენით არ შემცირდება, რადგან რუსეთიდან მაინც ჩამოვლენ), დიდ ზეგავლენას მთლიან ეკონომიკაზე ვერ მოახდენს.
გათვლა არის სოციალური აფეთქების გამოწვევასა და პრორუსული ძალების გაძლიერებაზე, რაც, მაგალითად, მოხდა მოლდოვაში. იქ პრორუსული პრეზიდენტის პარტიამ პარლამენტში მესამედზე ოდნავ მეტი მანდატი მოიპოვა. როცა დასავლეთმა რუსეთთან სანქციების ენით დაიწყო საუბარი, ოღონდ ამ შემთხვევაში მიზეზი რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ყირიმის ანექსია იყო, რუსი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ამბობდნენ- არ ამართლებს სანქციების პოლიტიკა, ვერცერთი ქვეყანა წააქცია და ჩვენც გავუძლებთო.
რატომღაც, როცა ჩვენს მიმართ იყენებენ სანქციებს, ავიწყდებათ საკუთარი გამოცდილება.
ბატონებო, გადავიტანთ მაგ სანქციებს. მთელ ორსაუკუნოვან ისტორიაზე ან საბჭოთა პერიოდზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს პოლიტიკა, რასაც რუსეთი სამი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსთან ან რუსეთის სამეზობლოსთან მიმართებაში ახორციელებს, არის უგუნური.
რაც შეეხება დღევანდელ ცვლილებას, აშკარად მოსმენის პრობლემა გვაქვს. დავიწყებ პროპორციული საარჩევნო სისტემით. აჰა, ბატონებო, გზა ყველას გაქვთ ხსნილი პარლამენტისკენ, პროპორციული სისტემა და ნულოვანი ბარიერი. ვრჩები იმ აზრზე, რომ მაჟორიტარული ოლქები იყო გასამსხვილებელი, ანუ რიცხოვნობა შესამცირებელი და პარლამენტში მაჟორიტართა წილი უნდა შემცირებულიყო 1/3 ან 1/4-მდე, საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით. მოითხოვა საზოგადოებამ პროპორციული სისტემა, – მიიღეთ. კმაყოფილი ვიქნებით თუ არა, გამოჩნდება 2020-ში და შემდგომში. ხალხის ხმა გაგონილია. რაც შეეხება იმას, თუ რა ვერ გაიგონეთ, სიტყვა არ უთქვამსო. ქართული ოცნების ლიდერმა სიტყვა-სიტყვით თქვა: დაისჯება ვინც ორგანიზება გაუკეთა პროვოკაციებს და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა. მგონი გასაგებადაა ნათქვამი. დანარჩენს დაველოდოთ. პოლიტიკური პროცესები, როგორც ინტერვიუებში და ჩართვებში ვთქვი, უნდა გადავიდეს პარლამენტში”.
ავტორი: ანა ურუშაძე