შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პატივისცემით, გიორგი გახარია”, – წერია შს მინიტრის მიმართვაში.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.
24 ივნისს შსს-მ განაცხადა, რომ აქციის დაშლაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.