სულ ახლახან, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ გააკეთა განცხადება, ამასთან, ნულოვანი ბარიერით. სწორედ ეს იყო მიმდინარე აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც, საბოლოოდ, დაკმაყოფილდა. ამ სისტემის მიხედვით, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, უახლოეს არჩევნებში პარლამენტში მანდატები მოიპოვოს.
არჩევნების ეს მეთოდი საქართველოში ახლა ინერგება, თუმცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის უკვე ნაცადია. სისტემის შედეგებს, ცხადია, კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკური რეალობა და მოცემულობები განსაზღვრავს, ასე რომ, ნაადრევია საუბარი იმის შესახებ, როგორ აისახება ეს სისტემა საქართველოს კეთილდღეობაზე.
არსებულ სიახლეზე „თბილისი თაიმსს“ იურისტი, კახა კოჟორიძე ესაუბრა.
პირველ ყოვლისა, რას გულისხმობს ეს სისტემა?
არჩევნების ჩატარების პროპორციული სისტემა გულისხმობს შემდეგს – არჩევნებში მონაწილეობს არაერთი პოლიტიკური პარტია და ისინი იღებენ მანდატს პარლამენტში არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციულად. მაჟორიტარული სისტემა გულისხმობს იმას, რომ წარდგენილნი არიან კონკრეტული კანდიდატები, არსებობს კანდიდატების სია და ამ სიიდან იმარჯვებს ერთი კონკრეტული ადამიანი, ხოლო დამარცხებული კანდიდატის ხმები იკარგება. პროპორციული სისტემა მაჟორიტარულზე უპირატესია გამომდინარე იქედან, რომ გულისხმობს ნაკლებ დაკარგულ ხმას.
ამ ეტაპზე, როგორ შეაფასებთ მმართველი გუნდის შესაბამის გადაწყვეტილებას?
ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. ამ სისტემაზე საუბარი უკვე ათწლეულებია, რაც მიმდინარეობს. მას ითხოვდა საზოგადოება, ითხოვდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტია. თუმცა, ყველა მოქმედი ხელისუფლება ამის წინააღმდეგი იყო.
რა დაბრკოლებები შეიძლება, შექმნას არჩევნების ჩატარების პროპორციულმა სისტემამ?
აქ შეიძლება, არსებობდეს ერთი პრობლემა. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში – დასაფიქრებელია, რომ არ იარსებებს ბარიერი და არჩევნებში მონაწილეობას პარტიები ბარიერების გარეშე მიიღებენ. ამის გათვალისწინებით, დიდია ალბათობა, რომ პარლამენტში მოვლენ ასევე დაბალრეიტინგული პარტიები. იქნება ძალიან ბევრი განსხვავებული ხედვა, რაც შეაფერხებს გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების პროცესს. ბარიერის დაწესება იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება, რადგან, მეტ-ნაკლებად, თავიდან ყოფილიყო არიდებული დაბალრეიტინგული პარტიები.
ჩვენი საზოგადოება ყოველთვის აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ მთელი ძალაუფლება ერთი პარტიის ხელში არ უნდა იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ცუდია ქაოსი. ქაოსი შეიძლება შეიქმნას, როდესაც პარლამენტში ურეიტინგოპარტიის იარსებებამ.
მოქმედ სისტემას ნამდვილად სჯობს პროპორციული სისტემა, თუნდაც ნულოვანი ბარიერით, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავმეორდები, ბევრად უკეთესი და სასარგებლო იქნებოდა, თუკი ბარიერები იარსებებდა. ამიტომ, მივესალმები თუ ამ საკითხზე გაგრძელდება კონსულტაციები.