საქართველოს დელეგაციისთვის ევროპული თამაშების მე-4 დღეც წარმატებული გამოდგა. ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა 3 მედალი მოიპოვა. ევროპული თამაშების გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი გახდა. თუშიშვილმა ამავდროულად ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი დაისაკუთრა, რადგან ძიუდოში ევროპული თამაშები და ევროპის ჩემპიონატი ერთ ტურნირშია გაერთიანებული.

+100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თუშიშვილმა ოთხივე შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და ყველა მეტოქე იპონით დაამარცხა. რუმინელი და პოლონელი ძიუდოისტების დამარცხების შემდეგ, გურამმა ჰოლანდიელ ჰენ გროლს სძლია. ფინალში მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქე რუსი ინალ ტასოევი იყო. თავდაპირველად, ტასოევი ვაზარით დაწინაურდა, თუმცა თუშიშვილის საპასუხო გდება სუფთა გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა – მინსკში მეექვსედ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი!

სამწუხაროდ, ფინალური შეხვედრა დათმო ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ). საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ფინალამდე ბელარუსელ და მონტენეგროელ მეტოქეებს, ასევე ფრანგ სირილ მარეს სძლია. გადამწყვეტ შეხვედრაში ლიპარტელიანი რუსეთის ნაკრების წევრს, არმან ადამიანს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა, რის შედეგადაც ევროპული თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მესამე მედალი ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ მოიპოვა. ფინალში გადასასვლელად გოლოვინას საუკეთესო ექვსეულში შესვლა სჭირდებოდა. ლუბამ 98.200 ქულა დააგროვა და მე-8 შედეგი აჩვენა. თუმცა, მის წინ გასულ სპორტსმენთა შორის 2-2 ფრანგი და ბელარუსელი იყო. ფინალში ერთი ქვეყნიდან მაქსიმუმ ერთ სპორტსმენს შეეძლო ასპარეზობა. შესაბამისად ლუბა ექვსეულში მოხვდა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ფინალში გოლოვინამ ბრწყინვალედ იასპარეზა, 53.970 ქულა დააგროვა და მეორე შედეგი დააფიქსირა. გოლოვინას ვერცხლის მედალი საქართველოს დელეგაციისთვის მე-20 მედალია. ჩვენი ოლიმპიური გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილზეა და მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსს ჩამორჩება.

Please follow and like us: