ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. უმრავლესობას პასუხი დღემდე არ გასცემია. საუბრობენ ძალების გადამეტებაზე, მომიტინგეების დაუმორჩილებლობაზე, იმ დროისთვის არსებულ ალტერნატივებზე და საუბრობენ შედეგებზე. თუმცა, რეალურად, საზოგადოება ვერ ხედავს, რომ დამნაშავეების მიმართ რაიმე საგამოძიებო ქმედებებს ჰქონდეს  ადგილი.

ძირითადად, საზოგადოება ორ შემთხვევას განიხილავს – პირველი, რომ აქციის მონაწილეებს საქმე დარბევამდე არ უნდა მიეყვანათ და დროულად დამორჩილებოდნენ სამართალდამცავებს და მეორე – მათ ჰქონდათ გამოხატვის თავისუფლება და მათ მიმართ უსამართლო ქმედებები განხორციელდა. აქციის მონაწილეებს ნამდვილად ჰქონდათ გამოხატვის თავისუფლება და სამართალდამცავების მხრიდან გაფრთხილებას ადგილი არ  ჰქონია.

აღნიშნულ საკითხს „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას იურისტი, ვალერი გელბახიანი აფასებს.

როგორ შეაფასებთ სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებს ბოლოდროინდელი აქციების ჭრილში?

სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები სამართლებრივად რომ შევაფასოთ, უნდა ამოვიდეთ ამ აქციებზე დაზარალებულთა შემთხვევებიდან. როგორც ვიცი, 130-ზე მეტი ადამიანი იყო საავადმყოფოებში გადაყვანილი, აქედან 5-ს ძალიან მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. სხვა ვითარებაში, ეს 5 ფაქტი პროკურატურის მიერ ფასდება, როგორც მკვლელობის მცდელობა. გამოდის, რომ ის ადამიანები, რომლებმაც აქციის ამ 5 მონაწილეს მძიმე დაზიანებები მიაყენა, მკვლელები არიან. პროკურატურა ამის შესახებ არაფერს აცხადებს. პოლიტიკოსები ამის შესახებ არაფერს ამბობენ. საკითხი უნდა განვიხილოთ ისე, რომ დასადგენია ხუთი ადამიანის მკვლელი, მაგრამ ამისთვის არაფერი კეთდება.

რა კანონდარღვევებზე შეგვიძლია საუბარი?

აუცილებლად არის გამოსაძიებელი – ვინ დააყენა სპეცრაზმიპარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს გახლავთ საჯარო სივრცე და ამ ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა სპეცრაზმის დაყენება. აქ ბარიერები არ უნდა დაეყენებინათ. სპეცრაზმი კარის უკან უნდა მდგარიყო. ის პროვოკაციისა და არეულობისთვის დააყენეს და ეს იყო წინასწარდაგეგმილი.

კანონი ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი სპეცოპერაციის დაწყების წინ პოლიცია ვალდებულია, მიიღოს პრევენციის ზომები და გააფრთხილოს აქციის მონაწილეები, თუ რა არის მოსალოდნელი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, პოლიციას ეს არ გაუკეთებია. რეზინის ტყვიებისა და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენების შესახებ რომ წინასწარ ეთქვათ, შესაძლოა, ხალხს დაეჯერებინა და ის შედეგები არ დამდგარიყო, რის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით.

პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს.

კიდევ ერთი – სამართალდამცავებმა იცოდნენ, რომ საკუთარი ქმედებების საფუძველზე ადამიანებისთვის დაზიანებების გამოწვევა შეეძლოთ. მათ კანონი აქაც დაარღვიეს. გამოიყენეს  ტყვიები, რომლებიც აკრძალულია ჰააგის საერთაშორისო კონვენციის მიხედვით. მათ ისინი შეიარაღებაში ჰქონდათ და გამოიყენეს, რასაც მოჰყვა სავალალო შედეგები.

გარდა ამისა, როდესაც პროცესები დასრულდა და უკვე აღარ არსებობდა რისკები და საფრთხეები, სამართალდამცავებმა დაიწყეს ხალხის დევნა. შემთხვევით გამვლელ ადამიანებსაც იჭერდნენ. ყველანაირ თვითნებობას ჰქონდა ადგილი.

დასაწყისიდან დასასრულამდე, ყველგან გვაქვს დანაშაულებრივი ქმედებები და ამ ფაქტებს არ იძიებენ.

თქვენი შეფასებით,  ამ მოვლენების ფონზე, უნდა დატოვოს თუ არა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოსტი?

გახარიას პოსტი აქამდეც უნდა დაეტოვებინა. ის ვეღარ გადარჩება. ქართველი ხალხის მიმართ მას უკვე აქვს დანაშაული ჩადენილი.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: