ჩვენი მიზანია, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ავტოპარკი ახალი ელექტრომობილებით, მათ შორის, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილებით ჩავანაცვლოთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფის“ მიერ ქუთაისში, საქართველოს ისტორიაში პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაში.

მინისტრის განცხადებით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

„ჩვენ ვაშენებთ მწვანე ეკონომიკას. მწვანე ეკონომიკა ნიშნავს, რომ ვანვითარებთ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს. ქუთაისის ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთ პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო იხსნება სწორედ ქუთაისში, რომელიც ცნობილია თავისი ინდუსტრიული ტრადიციებით. ამ პროექტის განხორციელებით ქუთაისი იბრუნებს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5000 ელექტრომობილი. პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანის“ პარტნიორობით.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

Please follow and like us: