არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ყველა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებას აქვს თავისი პროტოკოლი, რომლის დარღვევაც იწვევს შესაბამის შედეგებს, რაც ასევე უნდა გახდეს და არის კიდევაც გამოძიების საგანი.
„რაც შეეხება იმ კომპონენტს, რა საჭიროება იყო ამ ტყვიების გამოყენება თუ არგამოყენება, ეს არის თვითონ ღონისძიების მიმდინარეობის თემა. მინდა გითხრათ ერთი რამ, ეს აქცია 7 საათიდან 10 საათამდე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი. საერთოდ არანაირი პრობლემა იქ არ არსებობდა, სანამ არ განხორციელდა პირდაპირი მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, რაც შემდგომ იყო განხორციელებული“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო შტურმის საშუალებით პარლამენტის სხდომათა დარბაზის აღება.
„აქ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი რამ, ამ აქციაში მონაწილეობას იღებდა ძალიან ბევრი რიგითი, მშვიდობიანი მოქალაქე. დასაწყისში ეს მართლაც ასე იყო და შემდგომ უცებ მოხდა ჯგუფურად, შეთანხმებით პოლიციაზე თავდასხმა პარლამენტის შენობის შტურმის მიზნით. გათვლა ძალიან მარტივი იყო და მდგომარეობდა შემდეგში – ამ დროისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზში განლაგებული იყო ჩვენი არა პარლამენტარების, არამედ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი. იქ განლაგებული იყო კამერები და ბევრი რამ. ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო შტურმის საშუალებით პარლამენტის სხდომათა დარბაზის აღება. ეს როდესაც გახდა ნათელი, შესაბამისად, პოლიცია გახდა იძულებული, შეესრულებინა თავისი ფუნქცია კონსტიტუციის, ინსტიტუტების და მოქალაქეების დაცვის. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ.
ფაქტია ერთი, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს აქვთ უფლება გამოიყენონ ბრძანებით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და შემდგომ უკვე ჭავლი. ჩვენ იძულებული გავხდით სამწუხაროდ, რომ ეს ყველაფერი გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ რისკის ქვეშ არ დამდგარიყო კონსტიტუცია, სახელმწიფო ინსტიტუტი და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე“, – აღნიშნა შს მინისტრმა.