ჩვენი პრინციპი თავიდანვე იყო მაქსიმალური თმენა, ვცდილობდით, ამ პრინციპს ბოლომდე მივყოლოდით, – ამის შესახებ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით დეტალური ახსნა-განმარტების დრო აუცილებლად დადგება და შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, საზოგადოებას აღნიშნული ანგარიში წარუდგინოს.

„შემიძლია, წუთების რეჟიმში ჩამოვთვალო, რა ხდებოდა იქ. დარწმუნებული ვარ, ამის დროც მოვა. არ აქვს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა, ეს იქნება გამოძიების ფარგლებში, თუ პარლამენტის წინაშე, მაგრამ ეს დეტალური ახსნა-განმარტებები ვიცით, რომ მოგვიწევს. ჩვენ მზად ვართ, საზოგადოებას წარვუდგინოთ. 7-დან 10 საათამდე ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია, შემდგომ მოხდა ესკალაცია და პოლიციის შესაბამის დანაყოფებს ჰქონდათ აბსოლუტურად გასაგები მიდგომა, რომ ყველანაირი ძალადობის გარეშე მაქსიმალური დროის განმავლობაში უნდა გაეძლოთ ამ შემოტევებისთვის“, – განმარტა გახარიამ.

მისი თქმით, კონკრეტულ მომენტში პროცესები სახიფათო გახდა არამხოლოდ პოლიციისთვის, არამედ მოქალაქეებისთვის.

„თუმცა, რაღაც მომენტში, ეს უკვე გახდა სახიფათო, არამხოლოდ პოლიციისთვის, ეს უკვე გახდა სახიფათო მოქალაქეებისთვისაც. ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ სამოქალაქო არეულობაზე, რომლის აშკარა ნიშნებიც არსებობდა. მოკლე პერიოდში, ეს არ იყო პოლიციის დამოკიდებულება, რანაირიც არ უნდა ყოფილიყო. მე არავის ვამართლებ, იქ, სადაც იყო გადაცდომები, შესაბამისი რეაგირება გვექნება, მაგრამ ეს არ ყოფილა პოლიციასა და მშვიდობიან აქციას შორის რაღაც ურთიერთობის დარეგულირება, ეს იყო შტურმის მოგერიება, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს რამდენიმე საათი“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, პოლიცია თმენის ვალდებულებას უკიდურეს მდგომარეობაშიც იყენებდა, სანამ თითოეული პოლიციელის სიცოცხლე არ დადგა საფრთხის ქვეშ, ასევე საფრთხის ქვეშ არ დადგა პარლამენტის შენობა, როგორც ინსტიტუტი.

„არ არის საუბარი მხოლოდ შენობაზე. ეს არის ინსტიტუტი, რომლის აღებასაც და რომლის შტურმსაც შესაბამისი შედეგები მოჰყვებოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი და მიზანი, რის გამოც ჩვენ მაქსიმალურად დიდხანს ვიყენებდით თმენის ვალდებულებას. მაქსიმალური თმენის ვალდებულება ვერ ამართლებს პოლიციელის მიერ შემდგომ ემოციურ ფონზე უფლებამოსილების გადამეტებას, ესეც კარგად გვესმის. ისიც კარგად გვესმის, რომ როდესაც ვსაუბრობთ ასეთ განმარტებებზე – დევნიდნენ, დილამდე დასდევდნენ, ეს იყო ერთეული შემთხვევები თითოეულ ეპიზოდზე, დაწყებული იქიდან, რა მოხდა ფილარმონიასთან, რა იყო მელიქიშვილზე, რა იყო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, რა იყო გმირთა მოედანზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ყველაფერს სწავლობს და ეს გამოძიების საგანი იქნება.

Please follow and like us: