სოციალური მომსახურების სააგენტო 5 ივლისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფესტივალს გამართავს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანია 1000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.

უწყების ცნობით, დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა, 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

„ფესტივალის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებს კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებსაც გააცნობენ. ერთდღიანი ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 12:00 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა Worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ. ახალგაზრდებმა ფესტივალზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იქონიონ (ასევე სასურველია რეზიუმეს ქონა)“, – აცხადებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

Please follow and like us: