ნიკანორ მელია არის პარლამენტის წევრი და მას ვერანაირი სამართლებრივი ინსტრუმენტით ვერ შეუჩერდება პარლამენტარის უფლებამოსილება, – ეს განცხადება ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სააპელაციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. კონდახაშვილმა აქცენტი ელექტრონულ სამაჯურზეც გააკეთა და განმარტა, რომ ნიკა მელია იქნება პირველი, ვისი მონიტორინგიც ელექტრონულად მოხდება.

„პირველ რიგში, ფაქტია ის, რომ გენერალური პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ნიკა მელია რჩება თავისუფლებაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ეს არის ძალიან კარგი. მოგეხსენებათ, ელექტრონული სამაჯურის შესაძლებლობას იძლევა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, თუმცაღა როგორც ვიცი, დღემდე ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა და პირველი იქნება ნიკანორ მელიას მიმართებაში გამოყენებული. რაც შეეხება ყველაფერს დანარჩენს: პირველ რიგში დაველოდები დასაბუთებულ განჩინებას. ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი თვალსაზრისით. ნიკა მელიას, რომელიც დღეს უკვე გადაწყდა და ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, რომ დარჩა თავისუფლებაში, მას პატიმრობა არ შეეფარდა. შესაბამისად, ის არის პარლამენტის წევრი და მას ვერანაირი სამართლებრივი ინსტრუმენტით ვერ შეუჩერდება პარლამენტარის უფლებამოსილება. ასევე ცალსახაა ის, რომ მას აქვს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, რომელსაც შეუფერხებლად იცავს საქართველოს კონსტიტუცია და თავისთავად ვერც პროკურორის თანხმობა და ვერც სხვა გადაწყვეტილება ვერ შეზღუდავს მისი, როგორც პარლამენტარის უფლებამოსილებას,“- განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

Please follow and like us: