ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად ზოგისთვის ზღვა არის საინტერესო, ზოგისთვის კი, უფრო მეტად, მთა. როგორც წესი, მთაში დამსვენებლები ეძებენ სიმშვიდეს, სიგრილეს, ექსტრემს, სამოთხის მსგავს სილამაზეს. ცხადია, ყოველი წლის შეთავაზებები და მოცემულობები განსხვავდება წინა წლებისგან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსი“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ დაუკავშირდა.

რა ტერიტორიებს მოიცავთ საქართველოში?

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მენეჯმენტშია: გუდაურის, ბაკურიანის (დიდველი, კოხტა, მიტარბი) გოდერძისა და სვანეთის (თეთნულდი, ჰაწვალი) კურორტები.

რა ინფრასტრუქტურულ სიახლეებს სთავაზობთ დამთვალიერებლებს?

მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. შესაბამისად, მომხმარებლებს ვთავაზობთ გუდაურსა დ ბაკურიანში საერთაშორისო დონის ველო ბილიკებსა და ველოპარკს. არსებული სამთო ველობილიკები საშუალებას გვაძლევს, მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ზაფხულის სეზონის განმავლობაში. გუდაურში ფუნქციონირებს 5000-მეტრიანი, ხოლო ბაკურიანში – 6000-მეტრიანი ველობილიკები. ბილიკები გათვლილია როგორც პროფესიონალი, ისე – მოყვარული ველომრბოლელებისათვის. ველობილიკები გუდაურსა და ბაკურიანში სლოვაკურმა კომპანიამ ააშენა. კურორტ გუდაურში ზაფხულის სეზონის განმავლობაში „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.

რაც შეეხება ბაკურიანს – ზაფხულის სეზონზე დიდველზე ყველა საბაგირო ყოველ დღეს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობს. დამსვენებლებისათვის ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგა ფუნქციონირებს.
ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კინოთეატრ „ბაკურიანს“, კინოთეატრში განთავსებული საინფორმაციო ცენტრი კი საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს უზრუნველყოფს ინფორმაციით ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ. ცენტრი დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და მიიღონ დეტალური ინფორმაცია ამინდზე, საბაგიროს ფუნქციონირებაზე, მთაზე არსებულ მდგომარეობაზე, განთავსებისა და კვების ობიექტებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგზე.
ზაფხულის სეზონი არ გახსნილა თეთნულდსა და გოდერძიზე, რომელებიც ეტაპობრივად გაიხსნება, აღსანიშნავია ისიც, რომ კურორტი თეთნულდი პირველად მიიღებს ვიზიტორებს ზაფხულში. თეთნულდი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კმ-ში მდებარეობს.

დამსვენებლებს თეთნულდზე სავარძლის ტიპის ოთხი საბაგირო დახვდებათ. საბაგიროს მეშვეობით კი შესაძლებელია ზღვის დონიდა უმაღლეს წერტილზე, 3160 მეტრის სიმაღლეზე მოხვედრა, სადაც თეთნულდისა და უშბის ულამაზესი ხედებია.

ფუნქციონირებს ჰაწვალის არეალი, რომელსაც ვიზიტორი არასდროს აკლია. საბაგიროს გადის შუა ტყეში, შესაბამისად, ულამაზესია იქაურობა.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შექმნილია ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, შესაბამისად, მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მთის კურორტების შესახებ როგორც ზამთარში, ასევე – ზაფხულში.

რა გაქვთ დაგეგმილი უახლოესი მომავლისთვის?

ზაფხულის სეზონის განმავლობაში აქტივობები გვაქვს დაგეგმილი, ბევრზეც ვმუშაობთ. მაგალითისთვის, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უნდა გავაკეთოთ ველომარათონი. ეტაპობრივად, ყველა კურორტზე იქნება აქტივობები, დამსვენებლები ზაფხულში ჩვენს კურორტებზე დიდ სიამოვებას მიიღებენ.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: