“ასეთ რამეს გეტყვით – თან ძალზედ მოკლედ! ჩემს ძვირფას საზოგადოებაში სისხლიანი 7 ნოემბერიც
და 20 ივნისიც ერთი და იმავე სახელმა მოაწყო. ეს ყველამ დავინახეთ. ამ უტიფრობას ყველა ვხედავთ, რაც ხდება.თუმცა, ამას დავჯერდეთ და მხოლოდ ეს ვაღიაროთ, ესეც უხერხული უტიფრობა და სირცხვილია!ძალიან უხერხულია! პრობლემა სადაა იცით, – დაცულები რომ არ ვართ და დღეს ისევ ისე შეუძლია სისხლი ადინოს საზოგადოებას ცნობილმა სისხლის მსმელმა ძალამ. აქედან მორალი, სამწუხაროდ ვერ გაამართლა და შესაცვლელია დაცვის სისტემა, – და ეს ფაქტია”,- ამ პოსტით ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ლექტორი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მიქანაძე გამოეხმაურა.
20 ივნისის მოვლენებს გიორგი მიქანაძემ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე მეორე პოსტიც მიუძღვნა და “ქართული ოცნების” მეორე არჩევნების დროს ჩაწერილი ვიდეოც დაურთო თან.
“მოდი, ძალიან პატარაზე გვერდითა თვალიდან გავაანალიზოთ. ვიდეოში ეს განცხადება ოცნების მეორე არჩევნებისთვის გავაკეთე.
ვფიქრობ, იმ ფონზე, რა ფონზეც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაკარგა ხელისუფლება, – აღნიშნული პარტია უნდა გაუქმებულიყო. არ ვიცი სამართლებრივი ფორმა როგორ, მაგრამ ვიცი და ვხედავდი, საზოგადოებრივ გამოძახილებს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლიდა, რომ ეს იყო მოძალადე, გამაუპატიურებელი, მეცოცხე, ახალგაზრდების მწამებელი და მხმარებელი, ეგოისტი ხალხის მმართველობა და ა.შ. ეს არაა ჩემი შეფასება ესაა 2012 წლის არჩევნების შედეგი. ხო ვიცით, რომ ასეა?!
მე ვიცი, რომ იმ მმართველობაში ბევრი რამ კარგი გაკეთდა. დაწყებული ერთი ფანჯრის პრინციპიდან, უბნებში თამამად დატოვებული ავტომობილებით, პოლიციით, დენით, გაზითა და შექმნილი რეალური მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტებით. მაგრამ, ალბათ მომწიფდა, გადალპა, არ ეყოთ მოწიფულობა, გახდნენ მავნებელნი და ტოქსიკურები.
წარმოიდგინეთ, საზოგადოების უმრავლესობას აქვს ასეთი ცუდი წარმოდგენა ამ სახელზე და მის უკან ასოცირებულ ყველა ადამიანზე და მათ, – აქვთ პოლიტიკური მანდატი. შეგიძლიათ გაჩერდეთ და ეს პროცესი რეალურად აღიქვათ, გააცნობიეროთ?! ანუ, კვლავ ამინდის შემქმნელები არიან საზოგადოებაში. ფაქტს ხომ ვერ უარვყოფთ? ესე იგი, რადგან ვაღიარეთ ის მწარე ფაქტი და სიბნელე, ამის შეგუებით ვიწყებთ ხრწნას შემგუებლებიც და თავად ისინიც, ვინც ამ ამბის შემოქმედნი გახლავან და ამ სახელთან ასოცირდებიან. წარმოიდგინეთ ისე დატრიალდა ამბავი, ზუსტად იგივე მორალის მკითხველი გამოვიდა ეს სახელი დღეს, რაშიც მხილებულ იქნა. ანუ კბილი კბილის წილ, მაქსიმალური რევანში.
წარმოიდგინეთ ამ ყველაფრის შემსწრე და გამაანალიზებელი გონი გინდა ცნობიერი, გინდა ქვეცნობიერი? აზრზე ხართ, როგორ ხრწნის გულს, გონებას და სულს. როგორ, რა ფორმით დემონსტრირებს ზნეობას, მორალს, ღირსებას, ღირებულებებს… ხვდებით რას უშვრება ეს სამოქალაქო საზოგადოებას?!
სწორედ ამიტომ ვთქვი ეს სახელი უნდა გაქრეს, ეს სახელი წამლავს ზუსტად და ეს სახელი აავადებს. ადამიანებმა კი შესაძლოა გააგრძელონ პოლიტიკური ასპარეზი ეთიკურობის და მორალურობის ფარგლებში.
ნაციონალების დარჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე გახრწნა სხვა დანარჩენი ამ გუნდიდან გასული პოლიტ პარტიები, იხრწნებიან და ყარან თავადაც და რაც მთავარია გახრწნა ახალი ძალაც (ქართული ოცნება) რომელსაც სხვა არაფერი აქვს სასაუბრო გარდა ნაციონალებისა. ანუ ჩააბა საკუთარ ფერხულში, ზუსტად ის რეალობა მოუტანა, რა რეალობისთვისაც თავად იყვნენ მხილებული. ამით თითქოს აჩვენა, – რომ ეს ნორმაა და მოსულა. ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში “ქართული ოცნების” მანიპულირებით ქმნის მძიმე.პოლიტიკურ ამინდს. შესაბამისად გრძელდება საზოგადოებრივი აზრის პატივის აყრა!
არა მეგობრებო, – არ მოსულა!
ასევე, ბოლო დროს, ქვეყანაში იყო არაერთი დიდი სამოქალაქო აქტივიზმის გამოვლინება, როცა საზოგადოების ამ ნების მთავარ გამაუპატიურებელ ძალად კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” და ეს სახელი გამოდიოდა. მათ შორის საყდრისის თემა, რომელშიც თავად ვიყავი ჩართული. გაიხსენეთ მრავალათასიანი მანიფესტაციები, რამდენიმე დღეში როგორი ხრწნადი გვამივით იშლებოა და ქრებოდა მათი თავკაცობის გამო.
ზუსტად ეს მოხდა ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც.
როგორც აქ, ამ ვიდეოში ვაკეთებ კომენტარს, “ქართულმა ოცნებამ” ვერ გაართვა სწრაფად თავი “ნაციონალური მოძრაობის” გამოწვევებს და თავადაც გადაყვა ამ სახელის ყროლვას.
ეს სახელი კიდევ გააგრძელებს ქართული საზოგადოების ინტოქსიკაციას, თუ დროზე არ განეიტრალდა.
განზრახ არ ვასახელებ გვარ-სახელებს, – ადამიანში ყოველთვის არსებობს ის სინდისის ნატამალი, რომელიც ადრე თუ გვიან, ამ თუ იმ გარემოებაში არის ქმედითი და თავის კეთილ ნაყოფს მაინც გამოიღებს. თუ არა ის სინდისის ნატამალი, ჩემი განპიროვნებული კრიტიკა მაინც ვერაფერს არგებს და უფრო განამტკიცებს საკუთარი უღირსების ბრწყინვალებაში.
არც ის მომწონს, რომ მესამე პრეზიდენტი გარიყული გვყავს. უნდა შეფასებულიყო მისი მოღვაწეობა. კარგზე კარგი თქმულიყო, ცუდზე ცუდი გვეთქვა. ეს 2011-2012 წლის მოვლენები უნდა შეფასებულიყო ისე, როგორც 90 წლების და დასმულიყო წერტილი. ამიტომ ვცხოვრობთ მომავალში მხოლოდ წარსულით.
კიდევ ბევრი შეიძლება ამ თემებზე საუბარი.
მოკლედ, გონიერი მომავალი თაობის იმედი მაქვს. და იმედია აისხლეტენ ამ სიბინძურეებს.
P.S.1. ამასაც არ ვიტყოდი. უბრალოდ, ძალიან საინტერესო ადამიანები, რომელთა წარმატებაზეც მე აქტიურად ვმუშაობ, ექცევიან ამ მავნე ზეგავლენების ქვეშ. ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი მეც, როგორც მოქალაქეს, გამაჩნდეს საკუთარი პოზიცია.
P.S.2. თუ ვინმე განსხვავებულად ფიქრობთ და გაგაღიზიანათ ჩემმა ამ მოსაზრებამ, ვიცი რა სენია იყო განწირულ სახელთან ასოცირებული და მისი ნაწილი, გთხოვთ აზრი გამოხატოთ კორექტულად. თუნდაც რადიკალურად, მაგრამ ზრდილობიანად და ეთიკის ფარგლებში”,-წერს ლექტორი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მიქანაძე.