ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო “რუსთავი2-ის” წამყვანის გიორგი გაბუნიას პუტინისადმი მიმართვაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მას “არაეთიკურად“ და “უპასუხისმგებლოდ“ აფასებს.

“ტელეკომპანია “რუსთავი2-ის“ გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ “რუსთავი2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას, აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ“, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

Please follow and like us: