იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხში 35 ძეგლია. 2017 წელს ამ სიას კიდევ ერთი- ქართული ტრადიციული სუფრა შეემატა, მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული სუფრის ტრადიციები, თამადის ინსტიტუტი, სადღეგრძელოები უკვე კულტურული მემკვიდრეობაა, როგორც ქართული მრავალხმოვანება, ბერიკაობა, ცეკვა ფერხული, ქართული ქვევრი, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია და სხვ.
ხშირად ამბობენ, რომ ტრადიციული ქართული სუფრა სახელმწიფოს მინი მოდელია. მართლაც, თუ დააკვირდებით მის სტრუქტურულ დაყოფას და მოწყობას, დაინახავთ იერარქიას, ადათ-წესებს, ერთობლიობას, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგს აქცევს ერთიან სივრცეში. ეს მინი ცხოვრებაა, რომელიც უკვე საუკუნეებს ითვლის და ქართველთა ტრადიციულობის კიდევ ერთ გამოხატულებად ითვლება.
გურიაში, ურეკსა და მის შემოგარენ სოფლებში მისი თამადობა წლების განმავლობაში იყო სახელგანთქმული. დღესაც რომ გაიკითხოთ, აუცილებლად მიგასწავლიან 82 წლის თალიკო კვაჭანტირაძეს, რომელიც ლანჩხუთის რაიონ სოფელ წყალწმინდაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამ სანდომიან ქალბატონს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა კოლმეურნეობებსა და საბუღალტრო განყოფილებებში, მოსაყოლი და სათქმელი ბევრი აქვს. თამადა ქალის ისტორიას „თბილისი თაიმსი” დეტალურად გთავაზობთ.
თალიკო კვაჭანტირაძე, 82 წლის
„მთელი ჩემი ახალგაზრდობა სწავლაში და მუშაობაში გავატარე. 35 წელი ვშრომობდი, ერთი წამი არ გამიცდენია. მერე შევქმენი ოჯახი და მთელი ძალით გადავერთე ჩემს შვილებზე. ვმუშაობდი ურეკში, სასადილოების ბუღალტერი ვიყავი. 18 წელი ვიმუშავე აქ, დანარჩენი ურეკის ციტრუსების მეურნეობაში ვმუშაობდი ეკონომიკურ განყოფილებაში. ცხოვრებაში ბევრჯერ მქონდა შანსი უფრო მაღალ თანამდებობაზე მემუშავა, მაგრამ დრო არ მქონდა ამისთვის. სამი შვილი გავზარდე და ჩემი დედობა ახლა უფრო მეამაყება.
სანამ ახალგაზრდა ვიყავი მე ვზრუნავდი მათზე და არ ვაკლებდი არაფერს, თან მთელი ოჯახი, ჩემი დედამთილ-მამამთილი მეხმარებოდა ამ საქმეში. ახლა მოვხუცდი და შვილები მივლიან და ხელს მიწყობენ ყველაფერში.
სამსახურში რევიზიებზე ხშირად მოდიოდნენ შესამოწმებლად. მე მევალებოდა მათი დახვედრა და მასპინძლობაში ნამდვილად არ ვირცხვენდი თავს. ამ ასაკის ქალმა რაფერ უნდა ვთქვა, სირცხვილია, მარა სუფრაზე ხშირად მითამადია, ვათრობდი კიდეც კაცებს და მერე სამგზავრო ავტობუსამდეც ვაცილებდი. როცა მოდიოდნენ ასეთი სტუმრები, იმ შემთხვევაში თუ ადგილზე მამაკაცები არ იყვნენ, ჩვენ ბუღალტერიის ქალები უპატივცემულოდ არ ვუშვებდით მათ და ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც რევიზიის ჩატარების ნაცვლად კარგად ვატარებდით დროს სადღეგრძელოების თქმასა და დალოცვებში.
სადღეგრძელოები საკმაოდ ბევრი ვიცოდი, თავისი სიმღერით მოყოლებულიც. ოსტატურად გამომდიოდა ეს ყველაფერი და ერთხელ მახსოვს, ერთმა სტუმარმა ჩემზე თქვა, ვერ გევიგე აგი კაცია თუ ქალიო ? !
ზოგადად ვფიქრობ, რომ ღვინის დალევა ქალიზა არაა კაი და სასარგებლო, მარა მე ვაკეთებდი მაგას და ვერ მიხვდებოდით, დალეული ვიყავი თუ არა.ჩემს ქმარს და ჩემს ოჯახს ამაზე საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. წარმეიდგინეთ, ოჯახშიც ხშირად სტუმრები რომ მოდიოდნენ, ჩემს მამამთილს ჰქონდა დაბარებული, კაცების არყოფნის შემთხვევაში, თალიკომ ითამადოსო. ხოდა დავათრობდი ხალხს, მოვალხენინებდი, ვაცეკვებდი, ვამღერებდი და ისე გავუშვებდი, რავარც სიმართლეს ვამბობ, ისე გაიხაროს ჩემმა ოჯახმა. სტუმრების გასტუმრების შემდეგ მივალაგებდი ყველაფერს, დავაძინებდი ბავშვებს და მეორე დილას ჩვეულებრივ მივდიოდი სამსახურში, ისე თითქოს წინა ღამეს არ დამილევია. ნაბახუსევი და პახმელიაა რაა ნამდვილად არ ვიცი. ორი ჭიქითაც გამიშვია სადღეგრძელო მახსოვს, მაშინ კი ვიყავი ასეთი ძლიერი, ახლა მოვხუცდი თუ არა.
ამოჩემებული სადღეგრძელო ან დალოცვა არ მაქვს, ყველა თანაბრად ძვირფასი და საყვარელია. მაგრამ სუფრას ყოველთვის ღმერთის დიდებით ვიწყებდი. ვამბობდი „ღვთის ძალა არ მოგვკლებოდეს”. საკმაოდ მკაცრი თამადა ვიყავი, სუფრის წევრებს ხშირად ვაძალებდი კიდეც დალევას. რატომ ვაძალებდი იცით? სინამდვილეში ყველას უნდოდა დალევა, მარა სცხვენოდათ. ჩემი სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო სიმღერა, მეც მიყვარდა და მეხერხებოდა კიდეც და ხშირად ვაფორმებდით სადღეგრძელოებს ლამაზი მელოდიებით.
ახლა როცა ამ ასაკში ვარ და ჩემს განვლილ ცხოვრებას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ძლიერი ქალი ვიყავი, მართლაც რომ ძლიერი ქალი ვიყავი. ვშრომობდი ბევრს, შაბათ-კვირა და დასვენება ჩემთვის არ იყო. ქალის საქმეს ღამე ვაკეთებდი, დღისით კაცივით ვშრომობდი. არ ვიცი რა მაძლევდა ძალას, როგორ ვახერხებდი ამდენ რაღაცას, თუმცა ჩემი ოჯახის მხარდაჭერის და გვერდში დგომის გარეშე არაფერი გამომივიდოდა.
კურიოზი ბევრი მახსენდება, რაც თავს გადამხდენია ახალგაზრდობაში. ერთხელ მახსოვს სამი კაცი მოვიდა, სამივეს რევიზია უნდა გეეკეთებინა. არ იყვნენ მამაკაცები და პირდაპირ წევიყვანეთ სასადილოში. დირექტორის გარეშე შემოწმებას ვერავის დავაცდიდით. სამი ქალი მახლდა კიდე, მაგათმა მითხრეს აგენი დაათრე და ჩვენ მოგემსახურებითო. რაც შემეძლო, თუკი რამე სადღეგრძელო და მასზე მიყოლებული სიმღერა ვიცოდი ყველაფერი გავაკეთე, მაგრად დავათრე აი ხალხი. ბოლოს ერთერთმა მითხრა, გაფიცებ, ქალი ხარ თუ კაცი, გამარკვიეო. რაფერ მატყობ მე უთხარი, შემომხედე და მიხვდები- მეთქი. მერე მივაცილე ტრნასპორტამდე და ისე გავამგზავრე იქიდან, საიდანაც მოვიდნენ.
კაი ხანია აღარ დამილევია, ასაკმა იცის. წამლებს ვსვამ და იმის გვერდით ორ-სამ ჭიქას თუ დავლევ, მეტს ვერ ვბედავ. სადღეგრძელოებს კი ვსვამ, მარა ასეთი დალოცვის მერე მე ტყუილად დადგმული ჭიქის არ მწამს. ლოთი არ ვიყავი, უბრალოდ სტუმარი მიყვარდა და ღვინოს კი ვიტანდი -ეს იყო და ეს.
თამადობა და კარგი სადღეგრძელოები მამაჩემისგან ვისწავლე. 70 წლის იყო ბოლოს 600 სულიანი ქორწილის თამადა რომ იყო. იტანდა სასმელს კარგად, სიტყვა-პასუხიც კარგი ჰქონდა და რაიონში დაფასებული იყო თავისი სახელისა და რეპუტაციის გამო. მართალია გლეხის კაცი იყო და კოლმეურნეობაში მუშაობდა, მაგრამ მაინც დიდად იყო დაფასებული და სოფელში ყველა ქორწილში და შემთხვევაზე ის იყო თამადა. ამანაც მოახდინა ჩემზე გავლენა, ბევრი რამ სწორედ მისგან ვისწავლე და შევიყვარე. მახსოვს ერთხელ პირველი ღვინო დაწურა და მამაჩემს ვუთხარი, მე და შენ უნდა დავლიოთ აი კაი ღვინო-მეთქი. ასე შევეტაკეთ ერთმანეთს მე და მამა. ძალიან ბევრი დავლიეთ, კარგადაც მოვილხინეთ, მარა მაშინ პატარა ვიყავი, ჯერ კიდევ დაუოჯახებელი და ღვინო მომერია. მამაჩემი მამხნევებდა, მეუბნებოდა-„ აი აფერი არაა მამა. პატარა ზედმეტად დალიე, მარა რა მოხდა მერე, ვის არ მოსვლია ასე. ვიმღეროთ და გადაგივლის სიმთვრალეო”. დედაჩემმაც იცოდა სიმღერა, მოვძახეთ სამივემ და ამ სიმღერ-სიმღერაში და ლაპარაკში მართლა ისე გადამიარა სასმელმა, რომ გეფიცებით, ფეხი არ შემშლია “.
ავტორი: ანა ურუშაძე